თეა წულუკიანი: მოქალაქეებს მოვუწოდებ, აუცილებლობის გარდა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში ნუ მიხვალთ
“მოქალაქეებს მოვუწოდებ, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში ნუ მიხვალთ”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.
„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა, რამდენიმე განცხადება გავაკეთო საზოგადოების საყურადღებოდ. იუსტიციის სამინისტროს სისტემა, კერძოდ კი, იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები და რეესტრების სხვადასხვა ტერიტორიული სამსახური მუნიციპალიტეტებში, ასევე, სანოტარო ბიუროები ემსახურებიან დღეში 30 ათასზე მეტ მოქალაქეს. მინდა, მოგმართოთ ყველას და მოგიწოდოთ, რომ, დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რამე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში. გარდაუვალი აუცილებლობა არის აუცილებლობა, რომლის გადადებაც გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლიათ. ეს არ არის მხოლოდ მოწოდება, ეს არის პრინციპული მოწოდება და თხოვნა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა კორონავირუსის პრევენციაში“, – განაცხადა წულუკიანმა.