ტექნიკურ უნივერსიტეტს, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღიდან, უცხოეთში მყოფ სტუდენტებთან მუდმივი კავშირი აქვს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მუდმივი კავშირი აქვს უკლებლივ ყველა იმ სტუდენტთან, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში „ერაზმუს პლუსის“ გაცვლითი პროგრამით ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც “კვირას” ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახური, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღიდან, მუდმივ რეჟიმში ურთიერთობს უცხოეთში მყოფ სტუდენტებთან.
მათივე ინფორმაციით, „ერაზმუს პლუსის“ პროგრამის ფარგლებში ნომინირებული კიდევ ერთი სტუდენტი, კორონავირუსის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო, იტალიის ქალაქ ლაკვილაში, ჯერჯერობით, ვერ მიემგზავრება.
შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით,  რამდენიმე სტუდენტმა საერთოდ უარი თქვა იტალიაში გამგზავრებაზე, ერთი კი პოლონეთიდან საქართველოში დაბრუნდა.
COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველაზე მეტი ყურადღება ტექნიკური უნივერსიტეტის იმ 26 სტუდენტს ეთმობა, რომელიც სასწავლებლად იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტექნიკურ უნივერსიტეტს არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში მყოფ ყველა სტუდენტსა და მათ მშობლებთან მთელი კვირის განმავლობაში 24-საათიანი კავშირი აქვს ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელების დახმარებით.
მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებებით ვიტერბოს რეგიონში ქართველი მაგისტრანტი გოგონას კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, 4 მარტს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის თანამშრომელი ტუშას უნივერსიტეტში (ვიტერბოს რეგიონი) მყოფ 4 სტუდენტს დაუკავშირდა და გაესაუბრა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათ უნივერსიტეტში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
მათ საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ მაგისტრანტ გოგონას დაუდასტურდა ვირუსით ინფიცირება, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. ტუშას უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა. აქედან გამომდინარე, ტექნიკური უნივერსიტეტის 4 სტუდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა და, საბედნიეროდ, COVID-19 ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული გოგონა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის (მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია). რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ სტუ-ის 4 სტუდენტს – ისინი თავს კარგად გრძნობენ.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათ დაუკავშირდა იტალიაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი და დახმარება შესთავაზა.

გარდა ამისა, საკონსულოს თანამშრომელი სოციალური ქსელით „ერაზმუს პლუსის“ საქართველოს ეროვნული ოფისის (NEO) წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომელთა რჩევით უნივერსიტეტი საკონსულოს დაეკონტაქტა.

უნივერსიტეტმა საკონსულოს გადაუგზავნა იმ სტუდენტების საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც ამჟამად „ერაზმუს პლუსის“ გაცვლითი პროგრამით იტალიის რესპუბლიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში იმყოფებიან. საკონსულომ სტუდენტებს დახმარება შესთავაზა.

სტუდენტებსა და მათ მშობლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაკავშირება ცხელ ხაზზე ტელეფონით, სოციალური ქსელითა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: +995 599 346 989 (მარიკა ზვიადაძე), m.zviadadze@gtu.ge , n_jijilashvili@gtu.ge , erasmusplus@gtu.ge

გარდა ამისა, COVID-19-ის თანმდევი საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაუქმდა დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებები – არქიტექტურის კვირეულთან დაკავშირებით ვერ ჩამოვიდნენ იტალიელი პროფესორები, პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში სტუ-ს ვერ ეწვივნენ ბრიტანელი სტუმრები, გადაიდო მარტში დაგეგმილი CERN-ის მასტერკლასის ჩატარება.

ასევე, გადაიდო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში.

ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახური მუდმივ კავშირშია უცხოეთის კოორდინატორ უნივერსიტეტებთან, რომლებიც მათ ქვეყნებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან, ასევე, რიგ შემთხვევაში, დაგეგმილი თუ მოსალოდნელი მობილობებისა და სამუშაო ვიზიტების გადავადებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები