ცაგერში სასკოლო ტრანსპორტის მძღოლებსა და სკოლის დირექტორებს ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ
ცაგერის რესურსცენტრში მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორებსა და სასკოლო ტრანსპორტის მძღოლებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის საპრევენციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ტრენინგი ჩაუტარდათ.
როგორც “რეგიონულ კვირას” რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი სილაგაძემ განუცხადა, ტრენინგზე სკოლის დირექტორებისა და სასკოლო ტრანსპორტის მძღოლები ახალი რეკომენდაციების გასაცნობად მოიწვიეს.
“მინდა გითხრა, რომ სკოლების დეზინფექცირების პროცესი დავასრულეთ და გადავედით მოქმედების მეორე ეტაპზე. სკოლებში უზრუნველვყოფთ ხელსაბანი და ჰიგიენური საშუალებების სრულყოფას, ეს აქსესუარები უკვე ყველა სკოლამ შეიძინა და რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი დაგვრჩა გამოსასწორებელი. ამავე დროს, ჩვენ მათ ახალი რეკომენდაციებიც გავაცანით. რაც შეეხება ტრანსპორტს – გადავწყვიტეთ, რომ სწავლის დაწყებას სრულად მომზადებულები შევხვდეთ და სწავლის განახლების შემდეგ, ყოველ ღამით მოხდება სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცირება, ჩაიკეტება მანქანა, დილით ბავშვებს დანიშნულების ადგილას მივიყვანთ და საღამოთი ისევ ჩატარდება დეზინფექცირება. ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ კორონავირუსის საფრთხე არ ჩაივლის”, – განაცხადა ირაკლი სილაგაძემ.