ნინო წილოსანი: აკვაკულტურის წარმოების განვითარებით შეგვიძლია, იმპორტიც ჩავანაცვლოთ და ევროკავშირის ქვეყნებზეც გავიდეთ
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „აკვაკულტურის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა და ერთხმად დაუჭირა მხარი.
პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, ზაზა ხუციშვილის და პაატა გოგოხიას საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა წარადგინა და კოლეგებს კანონპროექტის მიღების მიზნებსა და მიზეზებზე ესაუბრა.
ნინო წილოსანის განცხადებით, ამ კანონპროექტის ინიცირება იმის გათვალისწინებით მოხდა, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი და დიდი პოტენციალი აქვს აკვაკულტურისა და მარიკულტურის პროდუქციის საწარმოებლად.
„კანონპროექტი ფარავს აკვაკულტურისა და მარიკულტურის პროდუქციის წარმოებას – ეს არის ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებში ხელოვნურად თევზისა და ზღვის პროდუქტების მოშენება, წარმოება და რეალიზაცია. ჩვენი ქვეყნის წყლის რესურსების პირობებში კი, სადაც 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავი, ამის მიღმა უამრავი შესაძლებლობა, ასევე, ხელოვნური წყალსატევების შექმნის, ჩვენი მიმდინარე სტატისტიკა აკვაკულტურის პროდუქციის წარმოების ნამდვილად არ არის სამაგალითო. ამ კუთხით ევროპაში ბოლოდან მესამე ქვეყანა ვართ. ფაქტობრივად, ვქმნით 2 400 ტონამდე აკვაკულტურის პროდუქციას, არა და პოტენციალი გვაქვს 30 ათასიდან 40 ათას ტონამდე წარმოების. ამ პროდუქციით ჩვენ შეგვიძლია, ნაწილობრივ იმპორტიც ჩავანაცვლოთ და ნაწილობრივ გავიდეთ კიდეც ევროკავშირის ქვეყნებზე, სადაც დიდი მოთხოვნაა ეკოლოგიურად სუფთა თევზპროდუქტებზე”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტით რეგულირდება ურთიერთობები აკვაკულტურის სფეროში, შემოდის გადასახადები, ამასთანავე კანონპროექტში გათვალისწინებულია ამ სფეროში დაკავებული მეწარმეების ინტერესები, შესაბამისად, მათ მიეცემათ ორი წლის ვადა, რომ ხელახლა დარეგისტრირდნენ და თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ, 2024 წლამდე კი ისინი ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდებიან.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში იწარმოებს ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურეობა, რაც გულისხმობს იმას, რომ დროულად და მაქსიმალურად კოორდინირებულად დაეხმარებიან ამ სფეროთი დაინტერესებულ ყველა პირს. სამინისტროში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელის საქმიანობაც მიმართული იქნება ასევე ბიომრავალფეროვნების და ეკოლოგიის ადგილობრივი ინტერესების დაცვაზე.
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, კანონის მიღების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცემა შესაძლებლობა და არის კიდეც მზადყოფნა სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომ გარკვეული წამახალისებელი პროგრამები ამოქმედდეს აკვაკულტურის დანერგვისა და განვითარებისათვის.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი ფაქტორი – ექსტენციური აკვაკულტურის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კოოპერატივებს, ადგილობრივ მოსახლეობას, რაც იქნება მათთვის დასაქმების და შემოსავლების ზრდის წყარო, ამასთანავე აკვაკულტურა, გარდა თავად თევზის პროდუქტების წარმოებისა, ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაც გახდება.
ნინო წილოსანმა კომიტეტის წევრებს, ასევე, გააცნო კანონპროექტთან დაკავშირებით ცალკეული სამინისტროების მხრიდან შემოსული, ასევე, სავალდებულო კომიტეტების მიერ კანონპროექტის განხილვისას გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კანონპროექტის ინიციატორთა მიერ გაზიარებულია. მისივე თქმით, შენიშვნების ნაწილი უკავშირდება კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას და მათზე სწორედ მაშინ იმსჯელებენ.
გარდა ამისა, როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, აკვაკულტურის კანონპროექტთან დაკავშირებით ამ დღეებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება რუსთავსა და კახეთში, სადაც მოწვეული იქნებიან თევზსაჭერების მფლობელები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები. მოქალაქეებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ აკვაკულტურის განვითარებაში, დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ კანონპროექტის შესახებ და მათ წინადადებებსაც მოისმენენ, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს კანოპროექტის დახვეწას და იმ კონდიციამდე მიყვანას, რომელიც გარდა იმისა, რომ დიდად წაადგება ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოს დაცვას.
პარლამენტის წევრების ზაზა ხუციშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, ენძელა მაჭავარიანის, სულხან მახათაძის შეფასებით, კანონპროექტი მართლაც რომ დროული და მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნულ სფეროში დღევანდელი მდგომარეობა მიუღებელია, საჭიროა გარკვეული წესრიგის დამყარება და ამ მიმართულებით საქმიანობის სწორად წარმართვა. მათივე აზრით, აკვაკულტურის წარმოების საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა ბიზნესის განვითარებასაც წაადგება და იმასაც, რომ ამ წარმოებით ჩვენს ბიომრავალფეროვნებას არ მივაყენებთ ზიანს.
კომიტეტის წევრებმა დღესვე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტის მიღების შედეგად, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში აისახება პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის დემარკაციის შედეგები (ახალი ფართობი და კოორდინატები). კერძოდ, ბუნების ძეგლის საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა (სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები) და ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს (საკარმიდო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა).
დემარკაციამდე პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ფართობი შეადგენდა 46,6 ჰა-ს, დემარკაციის შედეგად ბუნების ძეგლის ფართობი შემცირდა 5,6 ჰა-ით და შეადგინა 41 ჰა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის სტრატეგიის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტიდან წარდგინეს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი და კომიტეტის აპარატის თანამშრომელი დენის სალუქვაძე.
კომიტეტის წევრებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის „მწვანე ბიუჯეტის პროექტის” სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.