ხათუნა ზახაშვილი: ნუ იფიქრებთ ყოველი გაციების სიმპტომების გაჩენისას, რომ თქვენ აუცილებლად კორონავირუსი გემართებათ

“ნუ იფიქრებთ ყოველი გაციების სიმპტომების გაჩენისას, რომ თქვენ გემართებათ აუცილებლად კორონავირუსი, დღეის მდგომარეობით ეს არარეალისტურია”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რესპირაციული სხვა ვირუსები უფრო აქტუალურია ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ვიდრე – კორონავირუსები.

„კორონავირუსის გავრცელება საქართველოში, ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ შემოტანილია და შემოტანილთან ასოცირებული შემთხვევები, ეს არ არის საზოგადოებაში ფართო გავრცელება. სამაგიეროდ, საზოგადოებაში ფართო გავრცელება გვაქვს სხვა რესპირაციული ვირუსების და მათ შორის, გრიპის ვირუსების, რომლებიც ამჟამად, საკმაოდ აქტიურად ცირკულირებს, გვაქვს გრიპისმაგვარი მიმართვიანობები და, გრიპის მძიმე შემთხვევების გამო, ჰოსპიტალიზაციის რამდენადმე მატება, ასევე, გამოვლენილი ვირუსების სხვადასხვა კატეგორია დღეს გვაჩვენებს, რომ რესპირაციული სხვა ვირუსები უფრო აქტუალურია ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ვიდრე – კორონავირუსები. ამიტომ გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, რომ სხვა რესპირაციული ვირუსები მოგაყენებთ ზიანს, თუ არ დაიცავთ იმ ელემენტარულ წესებს, რაც არსებობს რესპირაციული ჰიგიენის თვალსაზრისით – ხელების ხშირი დაბანა, ცემინებისა და ხველის წესების, თუ ეტიკეტის დაცვა, იზოლაცია, ან სახლში განმარტოება იმ ადამიანების, რომელთაც აქვთ რესპირაციული სიმპტომები, მთელი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნუ იფიქრებთ ყოველი გაციების სიმპტომების გაჩენისას, რომ თქვენ გემართებათ აუცილებლად კორონავირუსი. დღეის მდგომარეობით, ეს არარეალისტურია, მაგრამ იფიქრეთ, რომ თქვენ შეიძლება, გაქვთ რაიმე რესპირაციული ვირუსი და სახიფათო შეიძლება, გახდეთ გარშემო მყოფებისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები