დონალდ ტრამპი მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებულ აღლუმს არ დაესწრება.
ინფორმაცია მედიას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაუდასტურა.
“გიდასტურებთ, დიპლომატიური არხებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არ ჩამოვა”, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე ინფორმაცია რუსულმა “კომერსანტმა” გაავრცელა, რომელშიც, ასევე, აღნიშნული იყო, რომ ვაშინგტონი ღონისძიებაზე “მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი”.
ამჟამად ცნობილია, რომ მოსკოვში საფრანგეთის, ბულგარეთის, სერბეთის, ჩეხეთისა და მოლდოვას პრეზიდენტები ჩავლენ.
ამასთან, გასული წლის აგვისტოში კრემლში განაცხადეს, რომ 17 ქვეყნის ლიდერმა გამოთქვა მზაობა, დაესწროს ღონისძიებას.
2015 წელს გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებულ აღლუმს 30-მდე ლიდერი რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის პროტესტის ნიშნად არ დასწრებია.