“კორონავირუსით დაავადებულების სიცოცხლეს, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა დაავადებას პროგრესირება ახასიათებს”

“კორონავირუსით დაავადებულ არცერთ პირს, ამ ეტაპზე, სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ ემუქრება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, რადგან ამ დაავადებას პროგრესირება ახასიათებს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმოყიფილებელია.

„რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას – პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, ამ ეტაპზე, რამე მნიშვნელოვანი პროგრესირება არ ვლინდება. დანარჩენ პაციენტებთან განსხვავებული სიტუაცია გვაქვს.

მეოთხე, მძიმე პაციენტის მდგომარეობა, რომელთანაც დადასტურებულია პნევმონია, კვლავ მძიმეა. ცხელება გრძელდება 38-39 გრადუსის ფარგლებში. ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს რაიმე განსაკუთრებული საფრთხე, ამ ეტაპზე, არ ემუქრება, თუმცა ასე დაწყნარება არ შეიძლება, დინამიკაში დაკვირვება და მონიტორინგია საჭირო.

დანარჩენ პაციენტებში ყველასთან არის გამოვლენილი დაავადება სხვადასხვა კლინიკური სიმპტომით – ტემპერატურით, ხველით, სურდოთი, ყელის ტკივილითა და სხვადასხვა ჩივილით. ამ პაციენტებიდან სამთან კომპიუტერული კვლევებით დადასტურებულია პნევმონია და მათთან დაწყებულია მკურნალობა, გრძელდება თითოეულის მონიტორინგი. მართალია, ამ ეტაპზე, არცერთ პირს არ ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, იმიტომ რომ ამ დაავადებას პროგრესირება ახასიათებს“, – აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები