ხულოელი ახალგაზრდები ამერიკის საელჩოს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა სექციის საგრანტო კონკურსის „თემის ელჩები – Community Ambassadors“ გამარჯვებული ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან.
პროექტის ფარგლებში, ხულოელი ახალგაზრდების იდეა დაბაში ახალი საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა იყო, სადაც ისინი თანატოლებს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგებსა და შეხვედრებს შესთავაზებენ.
გამარჯვებულმა გუნდმა აშშ-ის საელჩოსგან 4 000 ამერიკული დოლარის გრანტი მიიღო, რითაც ახალგაზრდული ცენტრისთვის ტექნიკის შეძენა მოხდა. სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა სასწავლო მოდულის განხორციელება, ესენია, პროფესიული ორიენტაცია უფროსკლასელთათვის, მედიაწიგნიერება, რელიგიური ტოლერანტობა, ნაადრევი ქორწინების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ახალგაზრდული პლატფორმის დაფუძნებაში თანამონაწილეობა ადგილობრივმა თვითმმართველობამაც მიიღო, რომელმაც შესაბამისი სივრცის კეთილმოწყობა უზრუნველყო.
ახალგაზრდული ცენტრის გახსნის ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა სექციის ოფიცერი, ქეთრინ შვაიცერი, ამერიკის საელჩოს პრეს-ატაშეს თანაშემწე ალთეა ქოლი-მარფრი, ამერიკის საელჩოს ფულბრაით პროგრამის ვიზიტორ-მასწავლებელი ჯეიმს კარსონ უელჩი, საგრანტო პროექტის „თემის ელჩები“-ის კოორდინატორი, ბათუმის ამერიკული კუთხის კოორდინატორი მამუკა საფარიძე და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.