ირაკლი სესიაშვილი: ოპონენტების მხრიდან მოლაპარაკებებზე კომპრომისული მიდგომა არ იკვეთება
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე ოპონენტების მხრიდან არავითარი კონსტრუქციული მიდგომა არ იკვეთება.
მისივე თქმით, მათგან წამოსული ახალი მოთხოვნები სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოებს სცილდება.
„როცა კომპრომისზე ვსაუბრობთ, ამას თავისი შინაარსი აქვს. როცა მმართველი გუნდი კომპრომისზე მიდის და ოპოზიციის მოთხოვნებს ითვალისწინებს, საპირისპიროდ ახალ რადიკალურ მოთხოვნებს ვიღებთ, რაც ხშირ შემთხვევაში სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოებს სცილდება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპონენტები დაინტერესებული არ არიან, ამ თვალსაზრისით კომპრომისულ შედეგზე მიღწევის. პირიქით, დაინტერესებული არიან, საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, ხელისუფლება ხისტია. ეს ხდება მაშინ, როცა დიპლომატები კარგად ხედავენ, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილდა, კომპრომისული ნაბიჯი გადადგმულია და წარდგენილია ის მოდელი, რაც მისაღებია ქვეყნისა და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.