არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე შეთანხმებასთან ახლოს ვართ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციასთან შეთანხმება ახლოსაა.
როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ფორმატი მისაღებია, სადაც შესაძლებელი იქნება არგუმენტების გაცვლა და შეთანხმების მიღწევა.
„მხარს ვუჭერთ დიალოგის წარმატებით დასრულებას. მიმაჩნია, რომ, დღეის მდგომარეობით, ობიექტურად შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა. ამ მომენტისთვის შეხვედრა ჯერ დანიშნული არ არის. მზად ვართ შეხვედრისთვის ხვალაც, კვირასაც, ორშაბათსაც. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნება არგუმენტების გაცვლა და შეთანხმების მიღწევა, სასურველია. ამიტომ, ხელისუფლების მხრიდან სრული მზადყოფნაა. არჩევნების საკითხი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ რაიმეს თმობს, რაიმე მისი იყო და აღარ არის, არ მგონია, ეს სწორი და დემოკრატიული მიდგომა იყოს.
არჩევნები ეკუთვნის ხალხს, მოქალაქეებს და ჩვენი მოვალეობა, როგორც პოლიტიკური პარტიების, არის შეთანხმება ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რაც 2024 წელს უზრუნველყოფს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ლოგიკას. ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის ყველაზე პრინციპული მოთხოვნა რაც იყო, 40-პროცენტიან პრინციპზე, შემხვედრი პოზიცია დავაფიქსირეთ. არასოდეს გვიფიქრია, რომ ხელისუფლება 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის პარტიამ უნდა დააკომპლექტოს. თუ მათ სურთ, ეს პრინციპი კანონმდებლობაში პირდაპირ ასე იყოს ასახული, მზადყოფნა უკვე გავაკეთეთ. თუ სურთ, ეს პრინციპი სხვანაირად იყოს ასახული, შემდეგ მოლაპარაკებებში მზად ვართ, ეს საკითხი განვიხილოთ. იმ პირობებში, როცა ვთანხმდებით, რომ ეს პრინციპი საკვანძოა შემდეგ არჩევნებში, ჩვენთვის პრინციპული არ არის, ხუთით მეტი თუ ხუთით ნაკლები მანდატი იქნება პროპორციულ მხარეს თუ მაჟორიტარულ მხარეს. ეს არის მოლაპარაკებების საგანი.
ჩვენთვის მიუღებელია მანდატებით ვაჭრობა და საზოგადოების ინტერესებით ვაჭრობა. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, 2020 წელს ისეთი არჩევნები ჩატარდეს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ გადასვლას 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე. ამისთვის გავითვალისწინეთ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, თუმცა ზოგიერთმა ეს მოთხოვნა უკან წაიღო. დღეს მაინც მნიშვნელოვნად რჩება ჩვენი პოზიცია, რაც 40-პროცენტიან პრინციპს უკავშირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.