სებასტიან მოლინეუსი: მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით ახალი პროექტი იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა დღეს ახალი პროექტი  – „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ წარადგინეს. პროექტი, რომლის ბიუჯეტი 102.7 მილიონ დოლარს შეადგენს, საქართველოში სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით ადამიანური კაპიტალის განვითარებას გულისხმობს.

„მოხარული ვარ, საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით ახალი პროექტი –  „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ იწყება. ჩემი აზრით, ეს პროექტი მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით და დაეხმარება სამინისტროს საშუალო და გრძელვადიანი რეფორმების განხორციელებაში. ახალ პროექტს აქვს სამი საკვანძო კომპონენტი: პირველი, იგი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს განათლების ხარისხი, მეორე, გაზარდოს პედაგოგთა კვალიფიკაცია, მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური და მაღალი მოტივაციის მქონე პედაგოგების როლი განათლების სისტემაში, რომლებსაც საერთაშორისოდ აღიარებული პედაგოგიური მიდგომებით შეუძლიათ სწავლება. და მესამე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვა. ჩვენ განვაახლებთ 60 სკოლას თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. აგრეთვე, ავაშენებთ ახალ სკოლებსაც. პროექტის ფარგლებში, ყურადღება მიექცევა სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასაც.
მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ რეფორმისთვის, რომელიც განათლების ბიუჯეტის ყოველწლიურად ზრდას გულისხმობს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ის ზრუნავს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. ასევე, დიდი მადლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელს ამ ახალი პროექტის ხელმძღვანელობისათვის”, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება; სისტემის გაძლიერება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროექტის ინფრასტრუქტურული კომპონენტი უზრუნველყოფს ხუთი ახალი სკოლის მშენებლობას, დაახლოებით 60 არსებული სკოლის რეაბილიტაციას, ასევე, სკოლისთვის მოსამზადებლად ბავშვზე ფოკუსირებული და თანამედროვე სკოლამდელი განათლების 150-ზე მეტი პროგრამის დანერგვას. მთლიანობაში პროექტი სარგებელს მოუტანს სკოლამდელი ასაკისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის, დაახლოებით, 116, 000 მოსწავლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები