თენგიზ ცერცვაძე: ამჟამად, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორნავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტი 44 წლის მამაკაცია. მისივე თქმით, ამჟამინდელი მდგომარეობით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„გუშინ დილით შემოსულ პაციენტს, საქართველოს მოქალაქეს, 44 წლის მამაკაცს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსით ინფიცირება. ეს არის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა. ეს პიროვნება, დაახლოებით, ერთი კვირის მანძილზე იმყოფებოდა იტალიაში და საქართველოში პირველ მარტს დილით დაბრუნდა. როგორც თავად და სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში ჩამოსვლისას აეროპორტში მას ტემპერატურა არ ჰქონია, მაგრამ წავიდა სახლში, თვითიზოლაციაში. მას პირველშივე, საღამოს საათებში აუწია ტემპერატურამ 39.5. ამის მიუხედავად, ის ორი დღე დარჩა სახლში, იღებდა სიცხის დამწევებს, თუმცა ეფექტი არ ჰქონდა. გუშინ დილით თვითონ მიმართა ჩვენს კლინიკას.
დღეს 37.5 აქვს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება აღენიშნება, თუმცა არც გაუარესება არ არის, რაც ჩვენთვის კარგია. გარდა ტემპერატურის მომატებისა, მას აქვს ყელის ტკივილი და მნიშვნელოვანი საერთო სისუსტე. რენდგენოლოგიურად არ არის ჩამოყალიბებული, რომ ჩვენ ოფიციალურად დავწეროთ პლევმონიის დიაგნოზი, მაგრამ ფილტვებში არის გარკვეული რენდგენოლოგიური ცვლილებები, რასაც სჭირდება დინამიკაში დაკვირვება. დღის მეორე ნახევარში ისევ გადაუღებენ. მას რაიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონია. ამჟამად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, მაგრამ ამ დაავადებას ახასიათებს ვერაგობა. თუ, მაგალითად, გრიპი იწყება თავიდანვე მძიმედ, ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დასაწყისი და ორი კვირის მანძილზე დამძიმება, მათ შორის სერიოზულად დამძიმება, ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით მას არაფერი  ემუქრება, მაგრამ ის საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, რომ არ დამძიმდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტს 15-ზე მეტ პიროვნებასთან ჰქონდა კავშირი.

რაც შეეხება ინფიცირებულ დანარჩენ სამ პაციენტს – თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები