ირაკლი ჩიქოვანი: შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge, სადაც განთავსდება ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და რეკომენდაციების შესახებ

მთავრობისა და სახელმწიფოს სტრუქტურების ყველა ერთეული სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ნებისმიერი გამოწვევას გაუმკლავდეს კორონავირუსთან მიმართებაში”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ განაცხადა.

პრემიერმინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები ყოველდღიურად მიმდინარეობს და თითოეული უწყება წარმოადგენს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას და იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებსაც ისინი ატარებენ.

„მსურს ხაზი გავუსვა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება გატარებული ღონისძიებებისა და პრევენციული მოქმედებების შესახებ. ასევე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დამატებით შეიქმნა სპეციალური ვებ გვერდი, stopcov.ge , რაც ნიშნავს, შევაჩეროთ კორონავირუსი. აქ განთავსდება ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, ასევე – რეკომენდაციები, რომლებიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან და საქართველოს ჯანდაცვის სისტემიდან. მოქალაქეებს ცოცხალ რეჟიმში ექნებათ საშუალება, თვალი ადევნონ, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები