მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილი შეუერთდება პათოსს, რომელიც ჩვენმა დასავლელმა, ამერიკელმა პარტნიორებმა გაახმოვანეს
“ჩვენი კურსი არის დასავლური, ევროპა და ევროპული კურსი მკაფიოდ არის ასახული ჩვენს კონსტიტუციაში, ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო მესიჯები გახმოვანდა შარშან და დარწმუნებული ვარ, წელსაც ასე იქნება. ოპოზიციას შეუძლია, არც ამას დაესწროს და არც ეს პათოსი გაითვალისწინოს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბოიკოტს, რომელიც ხვალ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ ანგარიშზე არდასწრებას გულისხმობს.
“ოპოზიციამ შარშანაც ასე თქვა, რომ რაიმე განსაკუთრებულს არ იტყოდა, მაგრამ იყო ძალიან მკაფიო გზავნილები შარშან და წელსაც ასეთ გზავნილებს ველოდებით. ჩვენი კურსი არის დასავლური, ევროპა და ევროპული კურსი, ევროინტეგრაცია და ნატო მკაფიოდ არის ასახული ჩვენს კონსტიტუციაში. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო მესიჯები გახმოვანდა შარშან და დარწმუნებული ვარ, წელსაც ასე იქნება. ოპოზიციას შეუძლია, არც ამას დაესწროს და არც ეს პათოსი გაითვალისწინოს.
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი შეუერთდება პათოსს, რომელიც პირველად გაახმოვანეს გარედან ჩვენმა დასავლელმა, ამერიკელმა პარტნიორებმა და ჩვენ მათ მოწოდებებს, ბუნებრივია, ვიზიარებთ და ვითვალისწინებთ. ჩვენი პოზიციაც ის არის, რომ დიალოგით, შეთანხმებით, კომპრომისებით საბოლოო კონსენსუსი უნდა შედგეს”, – განაცხადა მდინარაძემ.