კორონავირუსის გამო ოპოზიციამ, შესაძლოა, 4 აპრილის აქცია გადადოს
ოპოზიციის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ 4 აპრილს დაგეგმილი აქცია კორონავისურის გამო გადაიდოს.
როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება არ შეიცვლება, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გათვალისწინებით, შესაბამისად იმოქმედებენ.
“ჩვენ დავაკვირდებით, ბუნებრივია, თუ არ გამოსწორდა ან არ დასტაბილურდა ვითარება, მით უმეტეს თუ გაუარესდა, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის გადადებას და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ასე ვუყურებთ ჩვენ ამ საკითხს. განვიხილეთ საკითხი, ჯერჯერობით საქმე მიდის ცუდად და ამიტომ ცოტა რეალისტურია, რომ პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ განიხილოს გადადება.
შევხედავთ, თუ გამოსწორდა ვითარება არსებითად, ბევრი ვარაუდია, რომ ტემპერატურის დათბობასთან ერთად, სხვა ვირუსების მსგავსად, აქ შეიძლება ამოიწუროს ეს პრობლემა. ბუნებრივია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აღარ იქნება გავრცელება, ოღონდ ეს არ ვიცით. თუ არ გამოსწორდა ვითარება, ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ, პოლიტიკოსმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ მე მგონი გასაგებია, საითაც მიდის ყველაფერი ხომ, თუ არ გაუმჯობესდა ვითარება, არ დასტაბილურდა და მით უმეტეს თუ გაუარესდა, რა თქმა უნდა, თავყრილობის გადადება ლოგიკურია, რასაც შევატყობინებთ საზოგადოებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.