გორის ეტალონი მოსწავლე მერიისგან ერთწლიან სტიპენდიას მიიღებს

გორის ეტალონი მოსწავლე – ლადო კალმახელიძე გორის მერიისგან ერთი წლის განმავლობაში 100-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებულის საჩუქარი მერიის განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამიდან დაფინანსდება.  მასთან ერთად სტიპენდია დაენიშნა ლადო კალმახელიძის პედაგოგსაც.
გორის მე-2 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელმა ,,ეტალონი მოსწავლის“ ტიტული პროექტ ,,ეტალონის“ ჩემპიონატზე დღეს მოიპოვა, სადაც თანატოლთა შორის საუკეთესო შედეგი – 80 ქულა დააფიქსირა. გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს.
ჩემპიონატზე მეორე ადგილი 77 ქულით ხიდისთავის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ გიგა ქარქიშვილმა, ხოლო მესამე ადგილი 75 ქულით – წითელუბნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ლიკა მჭედლიძემ დაიკავა. გამარჯვებულებმა გორის მერიისგან საჩუქრები მიიღეს.
ჩემპიონატი გორის უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა და მასში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების VIII-XII კლასების ის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც საკუთარ სკოლებში გახდნენ ,,ეტალონები“.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მერის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, გორის რესურცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და ჩემპიონატის მონაწილეთა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები