გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმება, რადგან მისივე თქმით, შეხვედრა ოფიციალური არ არის.
რაც შეეხება წინადადებას, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლოს, კობახიძის განცხადებით, ამას მმართველი გუნდიც იზიარებს და შესაძლოა ამაზე დისკუსია გაიმართოს.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით კი, სანამ პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან, არანაირ მოლაპარაკებებს არ აპირებენ.
ცნობისათვის, ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მთავრობის, ოპოზიციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.