საარჩევნო განვითარების სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

დღეს, რვა ქალაქში საარჩევნო განვითარების სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ ღონისძიებაზე ახალგაზრდებს, რომლებმაც თბილისის სამ სკოლაში გაიარეს სწავლება, სერტიფიკატები ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გადასცა და სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

„ვფიქრობ, რომ ის პრინციპები, ის საკითხები და ის ღირებულებები, რომელიც თქვენ საარჩევნო განვითარების სკოლაში ჩვენმა ტრენერებმა შეგასწავლეს, არის მნიშვნელოვანი სასტარტო ეტაპი, რომელიც მომავალში ბევრი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. მე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვფიქრობ, რომ ამ პროექტს უკვე წლებია მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი და ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო საკითხების შესახებ და კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაგიჩნდეთ არჩევნების მიმართ“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

„საარჩევნო განვითარების სკოლაში“ 10 დღიანი სასწავლო კურსი 18-25 წლის 170-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა. წელს პირველად პროექტის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებების, არჩევნების და კვლევების, დეზინფორმაციის და ყალბი ცნობების გავრცელების შესახებ. სასწავლო პროგრამა, ასევე მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და სხვა. სწავლების ბოლო დღეს ახალგაზრდებმა ტრენერების დახმარებით თავად ჩაატარეს იმიტირებული კენჭისყრის პროცესი.

საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ წელს უკვე მეექვსედ განხორციელდა. სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და ცესკოს თანამშრომლები უძღვებოდნენ. სასწავლო კურსი 10 სკოლაში, – თბილისში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მიმდინარეობდა. 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სწავლებაში 2500-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული.
პროექტი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები