ტექნიკური უნივერსიტეტეტის ეგიდით საერთაშორისო კოლოკვიუმი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით, 23-28 თებერვალს, კახეთში, ლოპოტას ტბაზე, საერთაშორისო კვლევითი კოლოკვიუმი თემაზე – „ადამიანის უფლებები, როგორც ამოცანა და გამოწვევა დემოკრატიული საზოგადოებისთვის“ გაიმართა. კოლოკვიუმის მოწყობის თაობაზე ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტს ფინანსური მხარდაჭერა კონრად ადენაუერის ფონდმა გაუწია – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების რეგულარულად ჩატარებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მის ბაზაზე შექმნილი სასწავლო-კვლევითი კლასტერი უწევს ორგანიზებას. თემატური კვლევითი კოლოკვიუმი წელს მეხუთედ ჩატარდა.
ღონისძიებაში, რომელიც განკუთვნილია უნივერსიტეტების მაღალი საფეხურის წარმატებული სტუდენტებისთვის, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა უცხოელმა ორდინარიუსებმა – ბონის ფრიდრიხ-ვილჰელმის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორმა, დოქტორმა თეო კობუშმა, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარემ და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ანდრეას არნდტმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პრივატ დოცენტმა, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, მიჩიგანის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა იორგ ჰარდმა, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, სასწავლო-კვლევითი კლასტერის ხელმძღვანელმა, დოქტორმა მამუკა ბერიაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შ.მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი სასწავლო-კვლევითი კლასტერის ხელმძღვანელის, დოქტორ მამუკა ბერიაშვილის განმარტებით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო კვლევითი კოლოკვიუმის თემა ინტედისციპლინურია და ეხება ფილოსოფიის, სოციოლოგიის, პოლიტიკის, ისტორიის მეცნიერებებს და მათ მომიჯნავე დარგებს, მათ შორის სამართალსაც.
მისი თქმით, სტუდენტებმა წარმოადგინეს სწორედ ამ მეცნიერებათა პერსპექტივიდან დანახული კვლევები და შეეცადნენ დაესაბუთებინათ ადამიანის უფლებების ცნების მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

„კვლევითი კოლოკვიუმის ფარგლებში დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა თავიანთი სადოქტორო თუ სამაგისტრო ნაშრომების გარკვეულ ნაწილი წარმოადგინეს. რამდენიმე მათგანი, სამეცნიერო თვალსაზრისით, საკმაოდ მაღალი დონისაა. სამუშაო ენები, ისევე როგორც მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებზე ხდება, ინგლისური და გერმანული იყო, იმ მიზნით, რომ სტუდენტებს უცხოელ პროფესორებთან დისკუსია გაადვილებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ კვლევითი კოლოკვიუმი ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით მიმდინარეობდა, მასში ხუთი უნივერსიტეტის 18-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. აქედან, ხუთი დოქტორანტი ტექნიკური უნივერსიტეტიდან იყო ჩართული, დანარჩენები კი თსუ-მ, ილიაუნიმ, ზუგდიდისა და ქუთაისის უნივერსიტეტებმა წარადგინეს. ტექნიკური უნივერსიტეტი ცდილობს, სამეცნიერო კოლაბორაცია რეგიონულ დონეზე განავითაროს და ჩვენი ძირითადი მიზანი კვლევისა და სწავლების ინტერნაციონალიზაციისკენაა მიმართული“, – აღნიშნა დოქტორმა მამუკა ბერიაშვილმა.

როგორც მამუკა ბერიაშვილმა განმარტა, ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს საერთაშორისო პარტნიორთა არეალის გაფართოებასა და დოქტორანტებისა და მაგისტრანტების სამეცნიერო კვლევების ხარისხის ინტერნაციონალურ დონეზე ამაღლებას.
მისივე თქმით, საერთაშორისო კვლევით კოლოკვიუმში მონაწილეობა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სამეცნიერო კვლევის პრინციპებსა და სისტემას ჩასწვდნენ, გამოასწორონ ნაკლოვანებები, გააღრმავონ საერთაშორისო კონტაქტები, მიიღონ საჭირო რჩევები კოლოკვიუმის მონაწილე მაღალი რანგის მეცნიერებისგან იმ მიზნით, რომ სამეცნიერო ნაშრომი მთლიანად შეესაბამებოდეს თანამედროვე ევროპული კვლევების სტანდარტებს და ასევე, მაქსიმალურად ავტონომიური იყოს.

როგორც ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარემ ანდრეას არნდტმა აღნიშნა, კვლევითი კოლოკვიუმით მისი დაინტერესება ამჯერადაც სტუდენტების ნაშრომებმა განაპირობა.

„რაზეც სიამოვნებით გავამახვილებ ყურადღებას არის ის, რომ კოლოკვიუმის მონაწილე სტუდენტები არიან საკმაოდ მოტივირებული. სასიხარულოა, რომ მათი ინტერესი და კვლევები ღრმად შინაარსობრივია. სწორედ ეს არის ძლიერი ბიძგი, რის გამოც სურვილი გამიჩნდა მეთანამშრომლა ქართულ მხარესთან. რაც შეეხება კონკრეტულად ამ კოლოკვიუმს, მისი თემა, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებების კვლევას, არის ინტერდისციპლინური, მისი წანამძღვრები ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და მოლოდინი მაქვს, რომ შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდება. ეს მეორე მიზეზია, რამაც ასევე განაპირობა კოლოკვიუმში ჩემი ჩართულობა. ამ კოლოკვიუმმა ერთი მნიშვნელოვანი რამ წარმოაჩინა – თითოეულ მონაწილე სტუდენტს აქვს სამეცნიერო კვლევის მკაფიო მიზანი. ეს კი ძალიან სასიხარულოა“, – განაცხადა დოქტორმა ანდრეას არნდტმა.

კოლოკვიუმის ერთ-ერთი მონაწილის, ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების დოქტორანტის, სტუ-ის სასწავლო-კვლევითი კლასტერის მკვლევრის მარიამ ხაზარაძის თქმით, კოლოკვიუმის თემატიკიდან გამომდინარე, მის მიერ წარმოდგენილი მოხსენება ადამიანის უფლებების ცნების სოციალური თანასწორობის ჭრილში განხილვას ეხებოდა.

„კოლოკვიუმის თემატიკა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე სამყაროსთვის და შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებისთვისაც დიდ როლს ასრულებს. ჩემი მოხსენება ეხებოდა ღარიბი მასების ცნების ტრანფორმაციას კარლ მარქსის ფილოსოფიაში და მის მნიშვნელობას თანამედროვე სოციალური სახელმწიფოსთვის. თემატიკასთან კავშირში შევეცადე დამესაბუთებინა კლასიკური გერმანული იდეალიზმის თეორიული მნიშვნელობა და მათი რეაქტივიზაცია თანამედროვე სოციალურ თეორიებში“, – აღნიშნა მარიამ ხაზარაძემ.
ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების დოქტორანტის, ანი შუბითიძის აზრით, კოლოკვიუმის თემატიკა და მისი სამუშაო სისტემა მნიშვნელოვანი იყო მისთვის, როგორც ახალბედა მკვლევრისთვის.
„პირველად მომიწია ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, ისიც უცხოურ ენაზე. მოხსენებაში ვისაუბრე მოზარდის განვითარების ეტაპებზე და ყურადღება დავუთმე მშობლისა და სკოლის როლს, დავასაბუთე თანამედროვე სკოლაში ფსიქოლოგის როლის გაძლიერებისა და პედაგოგთა გადამზადების აუცილებლობა. თუმცა, მხედველობიდან გამომრჩა ბულინგის თემა, რასაც სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ. საერთო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან კოლოკვიუმმა დიდი ენერგია და გამოცდილება მომცა“, – განაცხადა ანი შუბითიძემ.

საერთაშორისო კვლევითი კოლოკვიუმის შედეგების შეჯამების შემდეგ, ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა მონაწილის მოხსენებას კრებულად შეკრავს და ქართულ ენაზე გამოსცემს, განსაკუთრებულად გამორჩეული ნაშრომები კი ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით გამომავალ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში გერმანულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები