რუსეთი პირობას ასახელებს, რის შემდეგაც სტრასბურგის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით შეასრულებს
რუსეთი საქართველოს, ქვეყნის მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებისთვის პირობას უყენებს.
სტრასბურგის სასამართლომ, რუსეთს, 2006 წელს ქვეყნიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ამის შესახებ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ გეგმაშია ნათქვამი.
გეგმის თანახმად, “მოსკოვი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას ამჟამად ვერ ახერხებს, რადგან სასამართლომ თბილისს დაზარალებულთა ზუსტი სიის დადგენა დაავალა, ასევე იმ დარღვევების დაზუსტება, რომლის შედეგად, თითოეული მოქალაქე დაზარალდა, ასევე კონკრეტული პირებისთვის გადასაცემი თანხის დაზუსტება.
რუსული მხარე შიშობს, რომ კომპენსაცია შეიძლება მიიღონ ისეთმა ადამიანებმა, რომელთა დაზარალებულად ცნობა, სარჩელის თანახმად, დაუშვებელია.
ქართული მხარე დეპორტაციის შედეგად 1795 ადამიანს მიიჩნევს დაზარალებულად, თუმცა, ამ ეტაპზე, სულ მცირე 290 ადამიანია სიიდან ამოსაღები.
შესაბამისად, სიის დაზუსტების შემდეგ, რუსეთი კომპენსაციის გადახდას შეძლებს”, – აღნიშნულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გეგმაში.