“მავანთა სურვილია თდასუ-ს სტუდენტები გადაიყვანონ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის გზით”
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი რიგგარეშე მობილობისა და ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეაჩერა, “მავანთა” სურვილია თდასუ-ს სტუდენტები სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის გზით გადაიყვანონ.
“უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ 2019 წლის 20 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (#51) მონიტორინგის საფუძველზე შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისათვის (შემდგომში-თდასუ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება არის უსამართლო და არაკანონიერი, რის გამოც ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში, ხოლო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ თდასუ აგრძელებს ავტორიზეულ რეჟიმში სასწავლო პროცესს, როგორც სხვა ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებები.
მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება სასამართლოს მიერ შეჩერებულია, მავანთა სურვილია თდასუ-ს სტუდენტები გადაიყვანონ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის გზით, მიუხედავად იმისა სტუდენტებს სურთ თუ არა გადასვლა და მავანთა მხრიდან მიმდინარეობს სტუდენტებთან შესაბამისი აგიტაცია/შეცდომაში შეყვანა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით რეგულირდება სტუდენტთა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი (მობილობა), რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა მობილობას შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში.
2020 წლის 6 იანვარს სსიპ- განათლებისმართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ბრძანების(N1.1/1) საფუძველზე გამოცხადდა 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა, სადაც შეეძლო ნეისმიერ სტუდენტს მიეღო მონაწილეობა გარდა პირველ კურსელებისა, ვინაიდან მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. თდასუ-ს სტუდენტთა უმრავლესობამ არ მიიღო მონაწილეობა გაზაფხულის სემესტრის მობილობაში და აგრძელებს სწავლას თდასუ-ში ავტორიზებულ რეჟიმში.
მიუხედავად იმისა, რომ თდასუ-ს სტუდენტები არ გადადიან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რჩებიან თდასუ-ში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით 2020 წლის 5 თებერვალს ცვლილება შევიდა მობილობის წესში (4.02.2010 #10/ნ ბრძანება), რომლითაც შესაძლებელი გახდა რიგგარეშე მობილობის გამოცხადება თდასუ-ს სტუდენტებისათვის მუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ. მიმდინარე რიგგარეშე მობილობის გამოცხადება წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, რის გამოც თდასუ ასევე მიმართავს სასამართლოს რიგგარეშე მობილობის შესახებ ბრძანების გაუქმება/შეჩერების მოთხოვნით, რაც აუცილებლად დაკმაყოფილდება, როგორც სამართლიანი მოთხოვნა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მივმართავთ შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მიერ 2020 წლის 12 თებერვალს თდასუ-ს სტუდენტთათვის გამოცხადებული რიგგარეშე მობილობა არ არის სავალდებული ხასიათის დოკუმენტი სტუდენტთათვის და აღნიშნული მათ არ ავალდებულებთ გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიმდინარე რიგგარეშე მობილობა არ ნიშნავს ავტორიზაციის გაუქმებას.
P.S. გაითვალისწინეთ – სასამართლოს მიერ რიგგარეშე მობილობის გამოცხადების შესახებ ბრძანების გაუქმების შემდგომ სტუდენტს, რომელმაც უკვე მიიღო მონაწილეობა რიგგარეშე მობილობაში აღმოჩნდება კანონგარეშე მდგომარეობაში და მოუწევს გარკვეული პროცედურების გავლა უკან დაბრუნების მიზნით,”- ნათქვამია სასწავლო დაწესებულების განცხადებაში.