დედაქალაქში გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
დედაქალაქში თოვლისგან გზების გაწმენდა გრძელდება. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
თბილისის მერიის ცნობით, ცენტრალურ ქუჩებთან ერთად, იწმინდება შიდა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელების ჩასასვლელები, საერთო სარგებლობის კიბეები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები. სპეცტექნიკის პარალელურად, ცოცხალი ძალის საშუალებითაც იყრება ტექნიკური მარილი.
“დედაქალაქის მერი – კახა კალაძე მერის მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანსა და კახა აბულაძესთან ერთად კოჯორში იმყოფებოდა, სადაც ტექნიკური მარილის დატვირვისა და შემდეგ გზების გაწმენდის პროცესს გაეცნო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური – „თბილსერვის ჯგუფი“, გამგეობები. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან აქტიური თანამშრომლობა ხდება საპატრულო პოლიციასთან, „112“-თან, რადგან თუ რაიმე აუცილებლობა არსებობს, ცხელი ხაზი ჩართულია და გვაწვდიან ინფორმაციას, სად რა მდგომარეობა არსებობს. გარდა ამისა, მოქმედებს დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზი. ინფორმაციას ასევე ვიღებთ ავტობუსების მძღოლების საშუალებით. ცენტრალური გზები და გამზირები, ასევე, მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფალია. ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა არსად გვაქვს. დღეს ღამე და ხვალ, მთელი დღის განმავლობაში, მოსალოდნელია უხვი ნალექი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზებზე შეფერხება არ იყოს. ტექნიკური მარილის დაყრის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. აქვე მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე, რომ ზამთრის საბურავების გარეშე თავი შეიკავონ გადაადგილებისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
“დედაქალაქის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფის“, რაიონული გამგეობებისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
აღნიშნულ სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ასევე, მონიტორინგის პროცესში ჩართულები არიან დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.
საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22 და მოხდება შესაბამისი რეაგირება.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი – გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი – დავით კირკიტაძე და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი – გიორგი აბუთიძე”, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.