თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა

თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კვირეულს უკავშირდება.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული აქტივობით ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაიწყო.

მიმდინარე კვირაში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

„ეროვნული სკრინინგ ცენტრი უერთდება საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას და თბილისის სატელევიზო ანძას ზურმუხტისფრად ანათებს. აღნიშნული სიმბოლური ჟესტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს სკრინინგის, ადრეული გამოვლენის მნიშვნელობას, ვინაიდან საშვილოსნოს ყელის კიბო არის ერთ-ერთი ყველაზე პრევენტირებადი დაავადება მისი ადრეულად გამოვლენის შემთხვევაში. ეროვნული სკრინინგ ცენტრი მოუწოდებს ქალებს, ისარგებლონ სკრინინგული პროგრამებით გათვალისწინებული სერვისებით“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.

“თბილისის სატელევიზიო ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

აღსანიშნავია, რომ 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.

კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა”, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები