ნათია თურნავა: საამაყოა, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩმა ასე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პრივატიზების დონე

მოხარულები ვართ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჟურნალ „ეკონომისტის” ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ლეგენდარულ ეკონომისტს, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს ლეშეკ ბალცეროვიჩს ვმასპინძლობთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020″ დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლეჩეკ ბალცეროვიჩი 90-იან წლებში იდგა პოლონეთის ლიბერალური საბაზრო რეფორმების სათავეში, რაც იმ პერიოდის საქართველოსთვის იყო გარკვეული მაგალითი, რომელსაც ვაკვირდებოდით, ვსწავლობდით, ვაანალიზებდით ამ პროცესს და ამან საქართველოში ლიბერალური რეფორმების ტალღას დასაბამი დაუდო.

„ძალიან საამაყოა, რომ დღეს ეს ადამიანი ჩვენთან ერთად იმყოფება და ასე პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებსა და საბაზრო ეკონომიკის წარმატებულ ხარისხს, რასაც მივაღწიეთ ბაზრის ლიბერალიზაციისა და კერძო სექტორის დომინირებაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ლეშეკ ბალცეროვიჩმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით პოზიტიურად შეაფასა საქართველოში ინვესტიციების ზრდის დონე და ის მაჩვენებელი, რაც გვაქვს.

„მან ხაზი გაუსვა, რომ 30%-ზე მეტი ინვესტიციების წილი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში, ერთ-ერთი სამაგალითო მაჩვენებელია მთლიანად მსოფლიოში. ასევე ის ფაქტი, რომ საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მართალია განსხვავებული დინამიკით ხასიათდება წლიდან წლამდე, მაგრამ მთლიანობაში შვიდი პროცენტი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მთლიან შიდა პროდუქტში და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ათეულში ვართ, რაც მართლაც საამაყოა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბალცეროვიჩის შეფასება პრივატიზაციის წარმატებასთან და მაღალ ტემპთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ ლეშეკი იყო პირველი, ვინც თავიდან წამოიწყო მასობრივი პრივატიზაცია და დაამტკიცა, რომ კერძო ინიციატივაზე, კერძო სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკა და სწრაფი პრივატიზაცია ქვეყნებს ძალიან სწრაფად გაიყვანს კონკურენტუნარიანობის სულ სხვა დონეზე და რეფორმების წინსვლას მოახერხებს.

„ლეშეკ ბალცეროვიჩმა ძალიან კარგად შეაფასა პრივატიზების ის დონე, რაც ჩვენთან არის, დაჩქარებული პრივატიზების ის პროგრამები, რომელსაც ვახორციელებთ და ის ინსტიტუციური რეფორმები, რაც გვაქვს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები