მამუკა მდინარაძე: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სტრასბურგში ჩატარება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იყო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სტრასბურგში ჩატარება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში არის ოპოზიცია, რომელიც ვერ არჩევას კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყანას აყენებს ზიანს თუ „ქართულ ოცნებას“, ამ დროს ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იყო.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბალანსს დავიცავდით. ერთი მხრივ, არ ყოფილიყო გარკვეული პროვოკაციების რისკი, კანონი შესრულებულიყო და არ დარღვეულიყო. მეორეს მხრივ, კი ჩვენს ნაკისრ ვალდებულებებზე უარი არ გვეთქვა. დამკვიდრებული პრაქტიკაც არის ასეთი და ჩვენ მივმართეთ, შევთანხმდით და სტრასბურგში ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე, ისე, როგორც შეეფერება იმ ქალაქსაც და ჩვენს ქვეყანასაც. შესაბამისად, როგორც საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ თვის თავზე უნდა აიღოს ვალდებულება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.