კობალაძე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე: რომელი ოპონენტები საუბრობენ რისკებზე? ვინც პარლამენტში საბჭოთა ჰიმნი გააჟღერა?

0

რომელი ოპონენტები საუბრობენ ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისში გამართვის და რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებულ რისკებზე? ის შემადგენლობა, რომელმაც ზვიად გამსახურდიას დარბაზში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია იყო მიღებული, საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერა? იმ ხალხზეა საუბარი? – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა კობალაძემ განაცხადა.

კობალაძემ ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისში გამართვა-არგამართვის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

„რომელი ოპონენტები საუბრობენ ამ თემაზე? ის შემადგენლობა, რომელმაც ზვიად გამსახურდიას დარბაზში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია იყო მიღებული, გააჟღერეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი? იმ ხალხზეა საუბარი?

მეორეც – ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, გარკვეულწილად ამ ქვეყნის გაერთიანებისა და სიძლიერისკენ მივდივართ ყველა ერთად. საუბარს ალტერნატივა არ აქვს . მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ვიცით, ოკუპირებული ტერიტორიები ვისი ხელშეწყობით არის ოკუპირებული, სად ინახება ამ ყველაფრის გასაღები. აქედან გამომდინარე, მგონი დროა რომ პორდაპირ, კონკრეტულად , აზრობრივად, გამართულად, სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და არა ვიღაცის გემოვნებიდან და შეძახილებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ დავინახეთ იმ ისტერიამ რა გვიყო და ისტერიკით სადამდე მივედით, თუ კიდევ ვაპირებთ საკითხის ისტერიკით გაგრძელებას, ჩემი აზრით ამ ყველაფერს მომავალი არ აქვს“, – განაცხადა კობალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს გახდება ცნობილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, გაიმართება, თუ არა თბილისში.

როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას 26 თებერვალს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღებენ.
„26 თებერვალს მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ვიცი, რომ საზოგადოებას დიდი მოლოდინი აქვს და ბუნებრივია, გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა ქართველ საზოგადოებას განვუმარტო ყველაფერი, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი