“არ მეგონა თუ გავიმარჯვებდი, მაგრამ მე ეს შევძელი” – ხოფურის სკოლის მასწავლებლის ნაშრომი პოლონეთში საუკეთესოდ აღიარეს
ოზურგეთელი მასწავლებელი, ხათუნა ღლონტი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ის იმ პედაგოგებს შორის მოხვდა, რომელიც განათლების სამინისტრომ პროგრამით “ასწავლე საქართველოსთვის“ შეარჩია.
როგორც ხათუნა “რეგიონულ კვირას” უყვება, ის ოზურგეთში დაიბადა. N4 საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩააბარა. 2001 წელს მუშაობა სალხინოს საჯარო სკოლაში დაიწყო, შემდეგ ვანში სულორის საჯარო სკოლაში გადავიდა, 2016 წელს კი, პროგრამის ფარგლებში, თავდაპირველად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სომხურენოვან სკოლაში გაანაწილეს, შემდეგ კასპის წინანდლის საჯარო სკოლაში გადაიყვანეს, 2019 წლიდან კი ხოფურის საჯარო სკოლაში მოღვაწეობს.
ახალგაზრდა წამყვანი პედაგოგი მიიჩნევს, რომ “ასწავლე საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, სადაც საქართველოს მასშტაბით 200 პედაგოგია შერჩეული. მათი უმეტესობა მენტორი და წამყვანი მასწავლებელია.
“რაც შეეხება რუსულის ენის და ლიტერატურის სწავლებას, ვერ ვიტყვი, რომ არ აინტერესებთ, პირიქით, დიდია დაინტერესება,როგორ მოსწავლეების ასევე, მშობლების მხრიდან “,- ამბობს ხათუნა ღლონტი.
მიუხედავად იმის, რომ ხათუნას თავისი შვილებისგან მოშორებით უწევს ყოფნა, მისთვის ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან თვლის, რომ ყველაზე კარგი საქმე, რაც კი ცხოვრებაში გაუკეთებია, სწორედ ესაა. სამუშაო გარემოს არ ემდურის, ამბობს, რომ სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი და დირექციამ ყველა საჭირო სასწავლო რესურსით მოამარაგა.
ხათუნა ღლონტის მეცნიერული ნაშრომი -“შემაჯამებელი დავალებების ანალიზის სირთულეები“, პოლონეთის განათლების სისტემამ ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად მიიჩნია და „ელსგლობალში“ დაბეჭდა კიდეც.
“სიმართლე გითხრათ, არასოდეს მიფიქრია, თუ სამეცნიერო ნაშრომს დავწერდი,მაგრამ სახელმწიფომ იმხელა რესურსი ჩადო ჩემს განვითარებაში, გამიჩნდა ამბიცია, რაღაც დამეწერა. არ მეგონა თუ გავიმარჯვებდი, მაგრამ მე ეს შევძელი. გაგიმხელთ, ახლაც მაქვს გაგზავნილი ერთი ნაშრომი ინოვაციებთან დაკავშირებით და იმედიანად ველი შემოხმიანებას ბელორუსიის უნივერსიტეტიდან“,- აცხადებს პედაგოგი.
სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში , სადაც 33 მოსწავლეა, ბევრი ახალგაზრდა და კვალიფიციური მასწავლებელია. ხათუნა მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია და როგორც თავად ამბობს, ჯერ კიდევ დიდხანს აპირებს საყვარელი საქმე აკეთოს და სადაც საჭიროება მოითხოვს, იქ იმუშავოს.
მარინე სვანიძე