მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარება ორმაგდება

ბათუმის მერია სოციალური მომსახურებების გაძლიერების მიზნით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროგრამებში ცვლილებებს გეგმავს.

ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

მერის ინფორმაციით, მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარება ორმაგდება. შესაბამისად, ყოველთვიური თანხის ოდენობა  60 ლარიდან 120 ლარამდე იზრდება. იზრდება 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 3 და 4 შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარებაც. შესაბამისად, 3 შვილიანი ოჯახები ყოველთვიურად 80 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ, 4 შვილიანი ოჯახები კი – 120 ლარს, ნაცვლად 100 ლარისა.

ასევე, შემუშავდა ახალი საპილოტე პროგრამა ,,უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების საპატრონაჟო ღონისძიებასთან“დაკავშირებითაც, რომელიც თავშესაფარში მყოფი 100 დაბირკული ძაღლის ოჯახებისთვის მოვლა-პატრონობის მიზნით გადაცემას გულისხმობს. პროგრამა მიმდინარე წლის მარტიდან ამოქმედდება და მისი წლიური ბიუჯეტი 60 ათას ლარს შეადგენს.

შესაბამისად, ოჯახები, რომლებიც, აღნიშნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თავშესაფრის ტერიტორიიდან უპატრონო ძაღლებს შეიფარებენ და მათ შესაბამის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, მერიისგან ყოველთვიურად 60 ლარს მიიღებენ.

საქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, იზრდება მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა. მათ შორის: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის გაძლიერება სკვერების მოწყობა ბათუმის სხვადასხვა ქუჩაზე. მოეწყობა გონიო-კვარიათის ზღვისპირა ზოლიც. იგეგმება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ზღვისპირა პლაჟის მონაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გარანტიით, მათზე განთავსებული ინფრასტრუქტურის ტურისტული ქალაქის მოთხოვნებთან, ასევე, ბულვარის განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები