თუშ-ხევსურთა 70 წლის შემდეგ აღდგენილი ტრადიცია და დოკუმენტური ფილმის – „ჯვარიონის“ ჩვენება

24 თებერვალს, 17:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში, დოკუმენტური ვიდეოფილმის – „ჯვარიონის“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ,,ჯვარიონი” დოკუმენტური ვიდეოფილმია, რომელიც ასახავს ხევსურთა ,,ჯვარიონის” მოგზაურობას თუშეთში, პირიქითის ხეობის სოფლებში.
ხევსურ მედღეობეთა (ხახმატისა და კარატის ,,ჯვარიონთა”) ერთკვირიანმა რიტუალურმა მსვლელობამ თუშეთის სოფლებში გასული საუკუნის 50-იან წლებამდე იარსება.
„ფოტომასალამ შემოგვინახა კოლორისტული სახეები ეროვნულ სამოსში გამოწყობილი შეაბჯრული ხევსურებისა, ვისაც საათენგენოდ ,,აბმული” დროშების წინამძღოლობით ღვთისმიერი მადლი და სიხარული შეჰქონდა მომთაბარე თანამოძმეთა ყოფა-ცხოვრებაში.
ეთერ თათარაიძის, ამირან არაბულის, თუში და ხევსური ახალგაზრდების სურვილით უძველესი სარწმუნოებრივი წეს-ჩვეულება აღდგა.
ფილმის ჩვენებასთან ერთად ისინი ისაუბრებენ ,,ჯვარიონის” არსსა და შინაარსზე.
მედღეობეებთან ერთად ოპერატორმა ნიკა ვახანიამ იმოგზაურა“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ფოტო: კარატის ჯვარის ჯვარიონნი თუშეთში – კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან.

სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: 1. გიორგი ახალას ძე ლიქოკელი, სოფელი აჭე (უბანი სატრედე); 2. ივანე (ბიძა) ჭრელიას ძე ლიქოკელი, სოფელი აჭე; 3. ბაძია ძიკურას ძე ლიქოკელი სოფელი აჭე; 4. ღერენა მგელას ძე სოფელი ბოქვჩილო.
დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: 1. ჩაჩაურ აძიას ძე ლიქოკელი, სოფელი ქობულო; 2. მინდია ლიქოკელი ხუცესი (ქადაგი) სოფელი ჭალისსოფელი; 3. გიგუა აბიკას ძე ლიქოკელი, სოფელი აჭე; 4. აბიკა ურჯუკას ძე ლიქოკელი, სოფელი კარწაულთა; 5. დავით (ჩოლაყა) ლიქოკელი, სოფელი ჭალისსოფელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები