ირაკლი სესიაშვილი: რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების გაბმას, ადამიანების გატაცებას, რაც არის რუსეთის მხრიდან პროვოკაცია
რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების გაბმას, ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას, ადამიანების გატაცებას, რაც არის რუსეთის მხრიდან პროვოკაცია,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ზოლთან სეპარატისტული რეჟიმის ძალოვნების მიერ 17 წლის მოზარდის დაკავებას.
სესიაშვილის თქმით, რუსეთის პროვოკაცია ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული.
“რუსეთი აგრძელებს, მავთულხლართების გაბმას, ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას, ადამიანების გატაცებას, რაც არის რუსეთის მხრიდან პროვოკაცია, მიმართული საერთაშორისო სამართლის, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ასეთ მძიმე ფაქტზე ვმუშაობთ, როგორც ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე მაქსიმალურად ვრთავთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, ადგილობრივების ინფორმაციით, სეპარატისტული რეჟიმის ძალოვნებმა 17 წლის მოზარდი მაშინ დააკავეს, როდესაც ის თანასოფლელებთან ერთად ტყეში იმყოფებოდა. “სუს”-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.