ტექნოპარკში ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო “IT-HUB”-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა
ტექნოპარკში “Strateg East”-ისა და “EPAM”-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში, პირველი საგანმანათლებლო “IT-HUB”-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. პროექტი ამერიკული ცენტრის “Strateg East”-ისა და პროგრამული ინჟინერიის წამყვანი ამერიკული კომპანიის “EPAM Systems”-ის ერთობლივი ძალისხმევითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნა. შეხვედრას საქართველოს IT კომპანიები და “IT-HUB”-ის მასწავლებლები ესწრებოდნენ.
“IT HUB Tbilisi”-ს მიზანია, IT სივრცეში მაღალკვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, “ენტერპრენუერების” ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება, დაფინანსების მოზიდვა საზღვარგარეთიდან და IT მომსახურების ექსპორტზე გატანა. სასწავლო პროგრამა მსოფლიო სტანდარტის დაცვით “EPAM”-ის საუკეთესო მასწავლებლების მიერ ჩატარდა. კურსდამთავრებულს საშუალება ექნება, IT სექტორში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი მიიღოს.
სასწავლო კურსები 5 პროფესიას მოიცავს: front-end, ASP.NET, JAVA ან Android app დეველოპერი და Q&A ინჟინერი. სასწავლო პროგრამის პირველი წლის ბოლოს, პროექტს 100-ზე მეტი მაღალი დონის კურსდამთავრებული პროგრამისტი ეყოლება. “Strateg East” ამერიკაში დარეგისტრირებული 501(с)3 ორგანიზაციაა, რომლის მიზანიცაა დაეხმაროს ევრაზიის ქვეყნებს გადაინაცვლონ რესურსზე დამოკიდებული ეკონომიკიდან ცოდნაზე დამოკიდებულ ეკონომიკაზე. “EPAM” ამერიკის წამყვანი კერძო IT კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობა ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კონცენტრირდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება.