ირაკლი მეზურნიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდეს

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, დაუბრუნდეს დიალოგის რეჟიმს და გავაგრძელოთ მუშაობა, რა ფორმატით იქნება დიალოგი – ჯგუფური თუ ინდივიდუალური, მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმის ენით საუბრობს.

„აშშ, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ყველა ჩვენი პარტნიორი მოგვიწოდებს ორივე მხარეს, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგის რეჟიმი დაბრუნდეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, დაუბრუნდეს დიალოგის რეჟიმს და გავაგრძელოთ მუშაობა. რა ფორმატით იქნება დიალოგი – ჯგუფური თუ ინდივიდუალური, მნიშვნელობა არ აქვს. ვისურვებდი, იყოს ფართომასშტაბიანი შეხვედრები, მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდება, ინდივიდუალურ დონეზეც მივესალმები, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ულტიმატუმის ენით საუბრობს მხოლოდ ოპოზიცია ჯერჯერობით, რადგან ჩვენ, ხელისუფლებამ მოლაპარაკების მაგიდაზე ცალსახად დავდეთ კომპრომისული ვერსია – 100/50, რომელიც ვფიქრობ, საინტერესოა. ეს მართლაც კომპრომისული ვერსიაა, რადგან არსებული სისტემისგან მკვეთრად განსხვავდება. 77-დან 100 არის უკვე პროპორციული ციფრი დეპუტატების, მეორე მხრივ, რჩება რეგიონული წარმომადგენლობის ინტერესი. ციფრების თამაში 130/20-ზე და ა.შ, ნიშნავს, რომ ოპოზიცია აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ უდგება საკითხს. წარმოუდგენელია, 20-მა მაჟორიტარმა წარმოადგინოს მთელი ქვეყნის რეგიონები საქართველოს პარლამენტში. ერთი მხრივ, მათი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ თუ დარჩა არსებული სისტემა, ეს იქნება არალეგიტიმური და დესტაბილიზაციას გამოიწვევს და მეორე მხრივ, არსებული სისტემისთვის ემზადებიან და საერთო მაჟორიტარული კანდიდატების შეჯერება ხდება. ეს მათი უფლებაა, ყოველთვის შეეძლოთ არსებული სისტემის პირობებში თავიდანვე გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატები დაეყენებინათ მაჟორიტარულ ოლქებში“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები