კომაპნია “სერპანტინი” მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს

კომპანია “სერპანტინი” არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელსაც დეზინფორმაციად აფასებს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “17 თებერვალს რამდენიმე ტელეკომპანიამ გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ე.წ. კვლევა, სადაც მიზანმიმართულად იქნა ტირაჟირებული არასწორი ინფორმაცია კომპანია “სერპანტინისა” და მისი მფლობელების შესახებ”.

“ეს გახლავთ დეზინფორმაციული კამპანიის მორიგი ეპიზოდი, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია და რამდენიმე არხის მენეჯმენტის წარმომადგენელი, მრავალი წელია, მიზანმიმართულად ცდილობენ კომპანიას შეულახონ რეპუტაცია და საზოგადოებას თავს მოახვიონ მცდარი ინფორმაცია.

შპს “სერპანტინი” ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე.წ. კვლევასა და სიუჟეტებში აღნიშნული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და იგი ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევის ხასიათს ატარებს. კომპანია “სერპანტინი” არის N9 ხიდების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მემკვიდრე, რომელიც დაფუძნდა, ჯერ კიდევ, 1957 წელს და ახორციელებდა სამუშაოებს როგორც საქართველოში, ისე სამხრეთ კავკასიაში.

1986 წლიდან მას სათავეში ედგა გივი ზედელაშვილი (გიორგი ზედელაშვილის მამა). 2000 წელს კომპანია მისი თანამშრომლების მიერ აუქციონის წესით გამოსყიდულ იქნა სახელმწიფოსგან. “სერპანტინი” წლების მანძილზე იყო და არის ერთ-ერთი მოწინავე საგზაო-სამშენებლო კომპანია, სადაც დასაქმებულია რამდენიმე ასეული ადამიანი. შპს “სერპანტინი” მუდმივად მზარდი კომპანიაა და მისი საქმიანობის მოცულობა დიდწილად პირდაპირპროპორციულია სახელმწიფო ასიგნებების ზრდასთან კახეთის რეგიონში. იგი სამშენებლო ბაზარზე საკმაოდ წარმატებით ოპერირებდა წინა ხელისუფლებების დროსაც და არასდროს წარმოადგენდა არც ერთი პოლიტიკური პარტიის ფავორიტ ორგანიზაციას. წარმატებული ბიზნეს საქმიანობა განპირობებულია მისი მრავალწლიანი გამოცდილებით, სწორი მენეჯმენტითა და მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით. მისი საქმიანობის ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის და შეუძლებელია უკავშირდებოდეს გიორგი ზედელაშვილის სამსახურებრივ კარიერას, მით უმეტეს რომელიმე პოლიტიკური ლიდერის თანამდებობას.

რაც შეეხება შპს “სერპანტინის” საქმიანობასა და ტენდერებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ არასწორ ვარაუდებს, განვმარტავთ – საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და კომპანიის დისკრედიტაციის მიზნით, ე.წ.კვლევაში და სატელევიზიო სიუჟეტებში აღნიშნულია, რომ შპს “სერპანტინმა” სახელმწიფო ბიუჯეტიდან კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის 105 მლნ ლარზე მეტი მიიღო, თუმცა მიზანმიმართულად არ არის დაზუსტებული, რომ საგზაო ინდუსტრიაში არსებული მაღალი საოპერაციო ხარჯებიდან გამომდინარე, “სერპანტინის” ზომის საშუალო ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის რამდენიმე მილიონ ლარიანი პროექტები ნორმალურია.

გაჟღერებული ციფრები არის 2013-2019 წლებში შესრულებული სამუშაოების სრული ღირებულება, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი წარმოადგენს კომპანიის მოგებას, საიდანაც უდიდესი ნაწილის რეინვესტირება ხორციელდება, რაც ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.

ე.წ. “კვლევის” მიხედვით, 2011-2012 წლებში, შპს “სერპანტინის” ჯამურმა ბრუნვამ 6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. საგადასახადო დეკლარაციების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში კომპანიის ბრუნვა შესაბამის პერიოდში იყო 20 მლნ ლარამდე. ასევე გაყალბებულია ე.წ. კვლევის საფუძველზე მედიის მიერ ტირაჟირებული ციფრები სამუშაოების მოცულობაზე წლების მიხედვით.

კერძოდ, თითქოს კომპანიის ბრუნვა 2012 წელს იყო 1,8 მლნ ლარი, ხოლო იგი 700 %-ით გაიზარდა 2013 წელს. სინამდვილეში, საგადასახადო დეკლარაციების მიხედვით, ბრუნვა 2012 წელს 13 მლნ ლარზე მეტი იყო, ხოლო 2013 წელს გახდა 14,6 მლნ ლარი. ანუ ზრდა მხოლოდ 9%-ს წარმოადგენდა და არა 700%-ს.

აბსურდულია ბრალდებები ჩატარებულ ტენდერებსა და უკონკურენტო მოგებებთან, ასევე შპს “სერპანტინის” გამარჯვების მიზნით ტენდერებში მონაწილე სუბიექტების დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით. შპს “სერპანტინი” ტენდერებში მონაწილეობს საქართველოში სატენდერო პრაქტიკის შემოღების დღიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით ტენდერები ტარდება ელექტრონულად და ფარულობის დაცვით (პროცედურები სრულიად ანონიმურია). შეუძლებელია ამა თუ იმ კომპანიისთვის რაიმე პრივილეგიის მინიჭება, რადგან ტენდერში მონაწილე კომპანიების სახელწოდებებია და რაოდენობა ცნობილი ხდება მხოლოდ მისი დასრულებისა და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ.

ღიმილის მომგვრელია მოსაზრება დროის მოკლე ინტერვალში და ერთმანეთის მიყოლებით მოგებული ტენდერების თაობაზეც. არც ერთი კომპანია, მათ შორის არც შპს “სერპანტინი”, არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტების თუ სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ტენდერების გამოცხადების გრაფიკს და მათ რიგითობას. შესაძლოა, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა ერთდროულად გამოაცხადოს სხვადასხვა ტენდერი და არც კანონი კრძალავს მათში ერთდროულად მონაწილეობას. შესაბამისად, მოგების შემთხვევაში, შედეგი ხელშეკრულებების სახით, დროში თანმიმდევრულია.

ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, ინფორმაცია შპს “სერპანტინის” მიერ გამარტივებული შესყიდვის წესით ხელშეკრულებების შესახებ. კერძოდ, ე.წ. კვლევაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ მიიღო 12 ამგვარი შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 2, 184,482.03 ლარი. სინამდვილეში, 2013-2019 წლებში კომპანიამ მიიღო მხოლოდ 4 გამარტივებული შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 1,200,000 ლარი. მათ შორის 1,100,000 ლარის ღირებულების იყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალზე მდებარე ხიდის სასწრაფო რეაბილიტაცია, რომელიც ჩაინგრა სტიქიის შედეგად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს “სერპანტინი” აცხადებს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და რიგი ტელეკომპანიები შეგნებულად ავრცელებენ დამახინჯებულ ფაქტებსა და მცდარ შეფასებებს, რაც ემსახურება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამასთან, კომპანია ვერ შეეგუება მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და მიმართავს ყველა კანონიერ საშუალებას სიმართლისა და საკუთარი რეპუტაციის დასაცავად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები