მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დასახა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნებს შორის სხვადასხვა მემორანდუმი გაფორმდება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ერთობლივი პროექტები, ახალი გაცვლითი პროგრამები და ინსტიტუციურ დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ წარმატებულ საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის “Stipendium Hungaricum“-ს, რომელიც გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს განათლება მიიღონ უნგრეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით კერძოდ, მათემატიკასა და ბიოლოგიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში. უნგრეთის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეს წარმატებული პროექტი მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

შეხვედრისას, მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, რომლის დასაარსებლად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ოპერირებას 2020-21 სასწავლო წლიდან დაიწყებს, ამ ეტაპზე ევროპის, აშშ-სა და იაპონიის უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან აქტიურად თანამშრომლობს. სწავლების ყველა საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, მინისტრმა ელჩს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება შესთავაზა. ვიქტორია ჰორვატმა თავის მხრივ, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდება და სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში განხორციელდება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი რეგიონის მასშტაბით ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით საერთაშორისო ჰაბი გახდება.

მიხეილ ჩხენკელსა და ვიქტორია ჰორვატს შორის შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი განსახილველი საკითხი პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობა იყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მიმართულება სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან პროფესიული განათლების განვითარება და მისი ინტერნაციონალიზაცია პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან. საუბარი ასევე შეეხო სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებას, ამ პროცესში უნგრული მხარის ჩართულობას და მათი გამოცდილების გაზიარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები