სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთზე წინა საკვალიფიკაციო წინადადებები გაიხსნა

სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ წინა საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპზე, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წინა საკვალიფიკაციო წინადადება 24-მა კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე წრამოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასება მოხდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე, პირველ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ტენდერი ხელმეორედ გამოცხდდა.

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 3) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. აღნიშნული გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება.

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის პროექტის განხორციელების ვადად 24 თვეა განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები