„შევინარჩუნოთ სიცოცხლე” – ვანო მერაბიშვილს პოლიტიკაში მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მივცემთ

ვანო მერაბიშვილს პოლიტიკაში მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მივცემთ, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „შევინარჩუნოთ სიცოცხლეს“ წევრმა შაკო კუჭაშვილმა განაცხადა.

ორგანიზაციის წევრები, შაკო კუჭაშვილი და ლიკა გამრეკელი აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მუხროვანის სპეცოპერაციის შემდეგ დაღუპული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის საქმეზე უნდა გასამართლდეს.

„პროკურატურამ უნდა გამოძიოს კრიალაშვილის საქმე, რომელიც თაროზე აქვს შემოდებული. ეს არის ირაკლი შოთაძის პირველი გამოწვევა. ჩემი აზრით, სწორედ ირაკლი შოთაძემ უნდა მიიყვანოს გია კრიალაშვილის საქმე ბოლომდე.

ვანო მერაბიშვილი თუ გამოვიდა და ჩაერთო პოლიტიკაში, მას არ მოუწევს მშვიდად ყოფნა, ჩვენ მის წინააღმდეგ აუცილებლად გავმართავთ აქციებს. ის არის ადამიანი, რომელმაც მოკლა უდანაშაულო მოქალაქე. ჩვენ ვანო მერაბიშვილს არ მივცემთ პოლიტიკაში მშვიდად ყოფნის საშუალებას. ის არის მკვლელი და აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავარ პორკურატურას, თაროზე შემოდებული საქმე ჩამოიღოს თაროდან და გამოიძიოს“, – განაცხადა კუჭაშვილმა.

ლიკა გამრეკელის თქმით, სანამ „სისხლიანი ადამიანები პოლიტიკაში არიან, დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ.“
„ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ეს საქმე უკვე წლებია არსებობს. მთელმა მსოფლიომ იხილა კადრები, სადაც ის ორ გვამს ითხოვს, შს მინისტრი და შემდეგ უკვე პრემიერმინისტრი. ამის შემდეგ დააწინაურეს ვანო მერაბიშვილი. თავზე გადაიხია იმ ხელისუფლებამ კონსტიტუცია. იმიტომ, რომ ყველაზე დიდი უფლება და სიკეთე არის ადამიანის სიცოცხლე, კონსტიტუციაში ხომ ასე წერია. ხელი დააფარეს ვანო მერაბიშვილს.
ჩვენ მოვითხოვთ პროკურატურისგან, გია კრილაშვილის საქმე, სადაც შავით თეთრზე ჩანს, როგორ არაადამიანურად ითხოვს მინისტრი გვამებს, გამოიძიოს. ვანო მერაბიშვილი დამკვეთია და ეს ძალიან კარგად ჩანს. მისი შეკვეთით იყო ეს მკვლელობა ჩადენილი და ის უნდა დაისაჯოს ამ მკვლელობის შეკვეთისთვის. რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯონ შემსრულებლებიც. სანამ სისხლიანი ადამიანები პოლიტიკაში არიან, ჩვენ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა გამრეკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები