ეკატერინე მიქაბაძე: საინვესტიციო ფონდების კანონის მიღება საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ეკონომიკაში ინვესტორების შემოსვლას ხელს შეუწყობს

საინვესტიციო ფონდების კანონის მიღება საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ეკონომიკაში ინვესტორების შემოსვლას ხელს შეუწყობს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ”, რომელიც კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

კანონპროექტი მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მსოფლიო ბანკის, ინვესტორთა საბჭოს და სხვა საჯარო და განვითარების დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით.

„ესაა საქართველოს ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს დანაზოგების აკუმულირებას – ფონდები თავიანთი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ დანაზოგების ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მიმართვას შეძლებენ. საინვესტიციო ფონდების განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაზოგვის კოლექტიური და ეფექტიანი მექანიზმების განვითარების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სისტემის დივერსიფიკაციასა და გრძელვადიან საინვესტიციო რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდას,” – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტი მომზადებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ამავე დროს, სრულადაა მორგებული საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ დონეს და არის ძალიან მოქნილი საიმისოდ, რომ ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზრის და საინვესტიციო ფონდების საქმიანობის სტიმულირებას და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე.

„ბაზარზე ძალიან მაღალია მოთხოვნა საინვესტიციო ფონდებზე. დღეს არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, თავად კანონი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ევროპელი ინვესტორებისთვის ეს იქნება ნაცნობი სათამაშო ბაზარი ნაცნობი წესებით და, შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ინვესტორების შემოსვლას ქართულ ეკონომიკაში” – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისი თქმით, ახალი კანონის ამოქმედება საქართველოში საინვესტიციო ფონდების საქმიანობისთვის დიდი სტიმული იქნება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პარლამენტი კანონპროექტს „საინვესტიციო ფონდების შესახებ” საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები