2020 წლის საქართველოს არჩევნებში რუსეთი ჩარევას შეეცდება – ესტონეთის დაზვერვის ანგარიში

ესტონეთის დაზვერვამ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც გასულ წელსაც ეხება და სადაც კავკასიის რეგიონში რუსეთის გავლენებსა და ინტერესებზე საუბრისას საქართველოზეც არის საუბარი.

ესტონეთის ყოველწლიური ანგარიში, როგორც წესი, შეეხება სხვადასხვა საგარეო საფრთხეებს, როგორებიც არის: რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, რუსული პროპაგანდა, კრემლის სამხედრო ქმედებები, ასევე რუსეთის საგარეო პოლიტიკა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ესტონეთის დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიზანია სამხრეთ კავკასია მოწყვიტოს დასავლეთთან თანამშრომლობას, რადგან რუსეთისთვის რეგიონი გეოპოლიტიკურად არის მნიშვნელოვანი, ის მისთვის ბუფერულ ზონას წარმოადგენს, და მეორე, სამხრეთ კავკასია სატრანზიტო გადაზიდვების ჰაბია, ასევე ნავთობ და გაზსადენების ადგილი, რომლებიც აზიასა და ევროპის ბაზრებს მიეწოდება.

რაც შეეხება საქართველოს, ესტონეთის დაზვერვაში თვლიან, რომ მოსკოვი თბილისზე გავლენებს ზრდის. ის ეცდება 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას.

ასევე ესტონეთის დაზვერვა ყურადღებას ამახვილებს რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილებაზე საქართველოს საოკუპაციო ზოლთან.

„ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასთან ყოფს, 2019 წელს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტად იყო ყურადღების ცენტრში. გახშირდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საზღვრის გადაწევის მცდელობები, ე.წ. საზღვართან მყოფი სეპარატისტები კი, გაცილებით აგრესიული და პროვოკაციულები გახდნენ, ისინი არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიდებიან. მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ სამხრეთ ოსეთის „ავტონომია“-არის ილუზია, რადგან ის მარიონეტული სახელმწიფოა, რომელიც მოსკოვის მიერ იმართება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ესტონეთის დაზვერვა ასევე ხაზს უსვამს საქართველოში რუსულ რბილ ძალას.

„ძალის გამოყენებასთან ერთად, რუსეთის ტრადიციულ არსენალში სამხრეთ კავკასიაში ჯაშუშების გამოყენება შედის. ამის კლასიკური მაგალითია, ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსეთ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც რუსული გავლენის ინსტრუმენტს წარმოადგენს. პრიმაკოვის ცენტრში საქართველოში რუსული ენის, კულტურისა და ისტორიის გაკვეთილები იმართება, სემინარები და კონფერენციები. ერთი შეხედვით, უწყინარი საქმიანობაა, მაგრამ საჭიროა საქართველოს ამჟამინდელმა და მომავალმა ელიტამ, უფრო მეტად ყურადღებიანი გახდეს რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ამბიციების მიმართ. ამასთანავე, 2019 წლის დეკემბერში, რუსეთი კიდევ ერთი ცენტრის გახსნას გეგმავდა. ასევე ფუნქციონირებს ფონდი „რუსული სამყარო“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში საუბარია ასევე „ქართულ მარშზე“, „უკანასკნელ წლებში, საქართველოში ე.წ. ტრადიციული ფასეულობების გავრცელების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ქართული მარში“- ორგანიზაცია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა ექსტრემისტული მოძრაობებისთვის. მისი მიზანია – ქართულ საზოგადოებაში დასავლური ფასეულობების შეწინააღმდეგება, რომლებიც, მათი თქმით, ქართველებისა და ქართული საზოგადოების არსებობას საფრთხეს უქმნის. ეს აგრესიული მოძრაობაა, რომელიც ოპონენტებზე ფიზიკურ თავდასხმებსაც არ ერიდება. მისი სამიზნეა – ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ნდობის შესუსტება. „ქართული მარშის“ ლიდერებს შორის არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც რუსეთთან და მის გავლენებთან არიან კავშირში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები