“მაშინ აქვს წარმატებას აზრი, როდესაც ჩემი ქვეყნის დროშა აფრიალდება და ჰიმნი გაჟღერდება“ – დევნილი სპორტსმენის ისტორია
“მე მაშინ ვარ ამაყი და მაშინ აქვს ჩემს წარმატებას აზრი, როდესაც ჩემი ქვეყნის დროშა აფრიალდება და ჰიმნი გაჟღერდება“ – “რეგიონული კვირა” ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დევნილ, 31 წლის გიორგი ტაბატაძეს გაგაცნობთ, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში საქართველოსა და თურქეთის ჩემპიონატებისა და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრის არაერთგზის გამარჯვებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის შემოსავლის წყაროს შეჯიბრებებიდან მიღებული ჰონორარი წარმოადგენს, კიგბოქსინგის ჩემპიონატებზე სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობა არ სურს. უცხოელი სპონსორებისგან არაერთხელ შეთავაზებული მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, ამბობს, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობა და ქართული ჰიმნის გამარჯვებულის ტიტულით მოსმენა მისთვის ბევრად მნიშვნელოვანი და ღირებულია.
გიორგი ტაბატაძე თითქმის ყოველ დღე გორიდან თბილისში ჩადის, რათა ივარჯიშოს, მუდამ ტონუსში იყოს და საყვარელ მოსწავლეებს შეხვდეს. ამ ეტაპზე, გიორგი ALPA GREEN FIGHT CLUB-ში მოღვაწეობს. კლუბს მწირი შემოსავალი აქვს. მოსწავლეების მიერ გადახდილი საფასური კლუბის განვითარებას ხმარდება. როგორც რესპონდენტი გვიყვება, ხშირადაა შემთხვევები, როდესაც დაფინანსების უქონლობის გამო, სპორტსმენები მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე ვერ მიდიან.
– მოგვიყევით თქვენს შესახებ, საიდან ხართ წარმოშობით?
– წარმოშობით ცხინვალიდან ვარ, ამჟამად უკვე ორჯერ დევნილი. ჩართული ვარ სპორტში, მივყვები სპორტული ცხოვრების წესს. ვემზადებით, ვბრძოლობთ საქართველოსთვის და უფლის წყალობით ნორმალურად მიდის ყველაფერი.
– როდის შემოვიდა სპორტი თქვენს ცხოვრებაში და მოგვიყევით, როგორ გაიარეთ გზა წარმატებამდე?
– თავდაპირველად დავინტერესდი ძიუდოთი, თუმცა მალევე მივხვდი, რომ სპორტის ეს სახეობა არ იყო ჩემი სფერო, ვერ ვიპოვე ჩემი თავი. შემდეგ შერეულ ორთაბრძოლებში ვცადე ბედი, ახალი გახსნილი იყო მაშინ გორში, იქ დავიწყე ვარჯიში. საბოლოოდ იმდენად ჩავები სპორტის ამ სახეობაში, რომ ჩემი ცხოვრების წესი გახდა. ყველას ვურჩევ დაინტერესდნენ სპორტით, უფრო ჯანმრთელები იქნებიან, კეთილები და რაც მეტი სპორტსმენი გვეყოლება და წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას, ეს ხომ ყველაზე კარგი იქნება.
– მოგვიყევით თქვენი სპორტული წარმატებების შესახებ?
– სპორტის ამ სახეობაში უკვე მომიგროვდა წარმატებები. მოგეხსენებათ, შერეული ორთაბრძოლები კომერციული სპორტის სახეობაა, ეს არაა ოლიმპიური სპორტი, სამწუხაროდ. იმართება თურქეთის ჩემპიონატი, საქართველოს ჩემპიონატი, სომხეთის, რუსეთის და ხშირად იმართება საერთაშორისო ტურნირები, არის სამოყვარულო ბრძოლები, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები.
ამჟამად ვარ საქართველოს ჩემპიონი, 2012 წელს ოფიციალურად გავხდი თურქეთის ჩემპიონატის ქამრის მფლობელი და ასევე ვარ სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებების არაერთგზის გამარჯვებული.
– დღესდღეობით რამდენადაა განვითარებული სპორტის ეს სახეობა საქართველოში?
– ბოლო რამდენიმე წელია შედარებით უფრო განვითარდა ეს კონკრეტული სახეობა საქართველოში, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა, უფრო უკეთესობისკენ მიდის. ძალიან მაგარი სპორტის სახეობაა, რომელიც საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას გაძლევს. ყველას ვურჩევდი რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ სპორტის ამ სახეობის მიმართ და ნუ შეხედავენ ისე, თითქოს აგრესიაა და ჩხუბი. ძალიან ბევრ რამეს სწავლობ, იზრდები, ვითარდები, ყალიბდები.
– ამ დროისთვის სად მოღვაწეობთ, თუ გაქვთ დარბაზი, სადაც ვარჯიშობთ ?
– ამჟამად ჩვენ გვაქვს კლუბი ALPA GREEN FIGHT CLUB, რომელიც ტერიტორიულად თბილისში მდებარეობს. ძალიან კარგი კლუბი გვაქვს, ვიღებთ მოსწავლეებსაც. არიან სპორტსმენები რომ ტურნირებისთვის ემზადებიან, არიან ისეთებიც, რომ სამოყვარულო დონეზე ვარჯიშობენ. საკმაოდ ბევრნი ვართ. ჩვენი კლუბის კარი ყველასთვის ღიაა, მობრძანდნენ, დაკავდნენ სპორტით და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
სამწუხაროდ, სპორტის ამ სახეობას ნაკლები ყურადღება ეთმობა საქართველოში. ვისურვებდი, რომ დაინტერესდნენ შერეული ორთაბრძოლებით. ძალიან ბევრი მაგარი სპორტსმენი გვყავს, რომელთაც თუნდაც იმის საშუალება არ აქვთ, რომ დარბაზში ვარჯიშის შემდეგ ნორმალურად იკვებონ, ან რეგიონიდან არიან და თბილისში ცხოვრების საშუალება არ აქვთ. ზოგს, ელემენტარულად, სავარჯიშო ბოტასი სჭირდება… წვრილმანებზეა საუბარი, ჩვენ ხომ არ ვითხოვთ ბევრს. 1000 ლარამდე რომ ჰქონდეს სპორტსმენს ხელფასი ის თავის სათქმელს იტყვის და ქვეყანას დიდ წარმატებას მოუტანს.
პირადად ჩემი შემოსავლის წყარო არის ტურნირებიდან მიღებული ჰონორარები. იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როცა კეთილი ადამიანი გამოჩნდება, დაგასპონსორებს, გეტყვის, რომ საქართველოს საამაყო შვილი ხარ და ეს დიდი მოტივაციაა.
ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ უსახსრობის გამო მნიშვნელოვან ტურნირებზე ვერ წავსულვართ. როდესაც სხვა ქვეყანაში გადიხარ, თუ ფინანსური კუთხით ძლიერად არ ხარ, ბიჭებს ვერ წაიყვან, თუნდაც ბილეთები, სასტუმრო, კვება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, კლუბის შემოსავალი კი ამას ვერ წვდება.
ამ დარბაზში ვართ მე და ჩემი მეგობრები ძალიან გამოცდილი და მაგარი ბიჭები – შოთა ბეთლემიძე, ლევან სოლოდონიკი, ლევან მაყაშვილი და კიდევ არაერთი ტიტულოვანი და მაგარი ბიჭი, რომლებსაც ქვეყნის გარეთაც იცნობენ. ჩვენი ძირითადი შემოსავალი ჩვენი ის ბავშვები არიან, რომლებიც თანხას იხდიან. ეს თანხა დარბაზში გროვდება, არავინ არ იდებს ჯიბეში. თუ რამეა შესაკეთებელი, თუნდაც დამლაგებელს რომ თანხა გადავუხადოთ, თუნდაც სავარჯიშო ხელთათმანები გაგვიფუჭდება, ვიღაცას არ აქვს საშუალება და რაღაც სჭირდება… ჩვენც დიდი გაჭირვებიდან მოვდივართ. როდესაც ამ სპორტში ჩავებით, არავინ იყო ჩვენი პატრონი. ჩვენ ვიყავით საკუთარი თავის ბატონებიც და პატრონებიც. ეს ყველაფერი რომ გამოვიარეთ ჩვენ, ამიტომ როდესაც პოტენციალს ვხედავთ სპორტსმენში, საკუთარი სახსრებითაც ვეხმარებით. ერთმანეთის გვერდით დგომით გაგვაქვს თავი.
ეს სპორტული კლუბი ბატონმა ვალერი გელაშვილმა ჩამოაყალიბა, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო.
– მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ?
– დაოჯახებული ვარ, სამი ვაჟი მყავს – საბა, დავითი და გიორგი. იზრდებიან მაგარი ქართველი ვაჟკაცები და სულ მალე სპორტში თავის სათქმელს იტყვიან. ჩართულები არიან სპორტულ ცხოვრებაში. მოლოდინი მაქვს დიდი. ჯერჯერობთ, მადლობელი ვარ ყველაფრის.
- მოგვიყევით თქვენი პირველი ასპარეზობის შესახებ?
– ეს ისეთი ბრძოლა იყო, რომელიც პირველივე რაუნდში დამთავრდა ჩემს სასარგებლოდ. საკმაოდ ლამაზი, კარგი და ამავდროულად დაძაბული ბრძოლა იყო. სანახაობრივი გამოვიდა, ტექნიკური ნოკაუტით მოვიგე, ხალხის შეძახილები, მოლოცვები, ოჯახის რეაქცია – ამ ყველაფერმა დაუვიწყარი კვალი დატოვა ჩემზე და დავრწმუნდი, რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც უნდა მეკეთებინა.
ახლა უკვე ბევრი გულშემატკივარი მყავს, დიდ სითბოს ვგრძნობ მათგან, მაგრამ ჩემს მთავარ გულშემატკივრად მაინც პირველ რიგში, ჩემი ოჯახი რჩება.
– ფიქრობდით რომ სპორტის ამ სახეობით დაკავდებოდით?
– 5 წელი და 6 თვე სპეცდანიშნულების რაზმში ვმსახურობდი, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ვარ . სპორტის ამ სახეობაში მე ჩემი თავი ვიპოვე. ესაა ჩემი საქმე, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს, საკუთარი თავის რეალიზებას ვახდენ და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე დავრჩები სპორტის ამ სახეობაში
– მოგვიყევით სპეცრაზმელი გიორგი ტაბატაძის შესახებ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მშობლიურ სოფელს იცავდა
– ომში ჩემს გვერდით იყვნენ ძალიან მაგარი ბიჭები, ვის გვერდითაც ვიბრძოდი, ბოლო წუთამდე ერთად ვიყავით. ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება წამოვსულიყავი სპეცრაზმიდან. სპორტმა დამავიწყა ნელ-ნელა ის საშინელი მოგონებები, რაც ომმა დატოვა ჩემში. ომის დროსაც ჩემს მშობლიურ სოფელში ვიყავი, ქარელის რაიონის სოფელი ნული. ძალიან რთული დღეები გავიარე. ძალიან ძნელი გასახსენებელია ის დღეები ჩემთვის.
ძალიან ბევრი გმირი დავკარგეთ აგვისტოს ომში. როდესაც მახსენდება, ან დავფიქრდები, ან თუნდაც სადმე ომის კადრებს წავაწყდები, ყოველთვის ძალიან დიდ გულისტკივილთან არის დაკავშირებული. ძალიან მენატრება ჩემი მშობლიური სოფელი, სადაც დავიბადე, გავიზარდე და მჯერა, რომ ოდესმე, ჩემი შვილები მაინც დაუბრუნდებიან მშობლიურ კერას.