ზუგდიდის სასამართლომ ფოთის ყოფილი მერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, აღვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გირაოს სახით ირაკლი კაკულიას 50000 ლარის, ხოლო დანარჩენებს 30000 ლარის გადახდა მოუწევთ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებული ყველა მოწმე უკვე გამოკითხულია და შესაბამისად, მათზე ზემოქმედების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია იყო. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.