ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან გარდაცვლილი ქალის ახლობლები აქციას მართავენ
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან შამგონაში 28 დეკემბერს გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები, რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით მეუღლეა დაკავებული, საპროტესტო აქციას მართავენ.
გარდაცვლილი ქალის მშობლების განცხადებით, ეჭვი აქვთ, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე კონკრეტულ პირებს ხელს აფარებს, რადგან მათი ვარაუდით ყოფილმა მეუღლემ ცოლს ჯერ სცემა, შემდეგ მოკლა და მეზობლის ბოსელში თოკით ჩამოკიდა.
მათივე მტკიცებით ამ ყველაფერში მას სოფლის საკრებულოს წევრი ზაზა ხუბუა ეხმარებოდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღეს 12:00 საათზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, გარდაცვლილი ქალის ბეუღლე ბაკურ სორდია 30 დეკემბერს დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.