ბეთჰოვენის 250 წლისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება

22 თებერვალს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაბადების 250 წლისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პირველად საქართველოში შესრულდება ა. შონბერგის კანტატა „გადარჩენილი ვარშავიდან“, რომელიც კომპოზიტორმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას მიუძღვნა. მთხრობელი – დავით პატარიძე.
ახალგაზრდა ვირტუოზი პიანისტი, საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი გიორგი გიგაშვილი ბეთჰოვენის N5 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
კონცერტზე ასევე ი. ბრამსის მე-4 სიმფონია შესრულდება.
კონცერტში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა.
თბილისის სიმფონიურ ორკესტრს შავლეგ შილაკაძე უდირიჟორებს.
გიორგი გიგაშვილი ახალგაზრდა თაობის ქართველ პიანისტთა ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. იგი ხშირად მართავს კონცერტებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გარდა სოლო გამოსვლებისა იგი ასევე თანამშრომლობს კამერულ ანსამბლებთან და სხვადასხვა ორკესტრთან; ამასთანავე, მონაწილეობს ფესტივალებსა და მასტერ-კლასებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გიორგი იორეტ დე მარ-ის საერთაშორისო კონკურსის “Fiestalonia Milenio”-ს, გერშვინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის, ფრედერიკ შოპენის ახალგაზრდა პიანისტთა IV კონკურსის, შოპენის საერთაშორისო კონკურსის, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის, პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსის, ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ საერთაშორისო კონკურსის, ბუზონის 62-ე საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ლაურეატი და სპეციალური პრემიების მფლობელია.
დირიჟორი და კომპოზიტორი, პროფესორი შავლეგ შილაკაძე კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დამაარსებელი და მთავარი დირიჟორია. შექმნილი აქვს სიმფონიური, კამერული და საგუნდო ნაწარმოებები. ატარებს კონცერტებს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. იგი საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და ეროვნული პრემიის ლაურეატია, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი შეიქმნა 1993 წელს. ორკესტრის დამაარსებელია მსოფლიოში სახელგანთქმული დირიჟორი ჯანსუღ კახიძე. 2002 წლიდან თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ცნობილი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი ვახტანგ კახიძე.
ამ ხნის განმავლობაში ორკესტრმა მნიშვნელოვან შემოქმედებით წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე. მან გამართა საკონცერტო ტურნეები საზღვარგარეთ: საფრანგეთი, შვეიცარია, თურქეთი, ლუქსემბურგი, გერმანია, იტალია, რუსეთი, ისრაელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები