კახეთში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ლაგოდეხის სოფლებში ვიზიტით დასრულდა (ვიდეო)

კახეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელეს.

“ბევრი კარგი რამ გაკეთდა სოფელში, სანიაღვრე არხები, დაიგო გზა, ახლა ვითხოვთ გააკეთონ სასაფლაოს ღობე. გვითხრეს, რომ გაკეთდება სასაფლაომდე მისასვლელი გზაც”, – ამბობს ქეთევან არჯევანიძემ.

შედარებით პრობლემური აღმოჩნდა სოფელი ნაენდროვალი, რომელიც ცენტრიდან მოშორებული სოფელია. როგორც ადგილობრივებმა “რეგიონულ კვირასთან” განმარტეს, სოფელში პრიორიტეტული საკითხებიდან, დღემდე არაფერი გაკეთებულა. თუმცა მოსახლეობასთან შეხვედრისას ლაგოდეხის მერი მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

“აქ გავიზარდე და სოფელში ჯერ არაფერი გაკეთებულა. ახალგაზრდებს არც გასართობი გვაქვს და არც ინტერნეტი. გზა ხომ საერთოდ არ არის. სოფლიდან მოსამზადებლად ლაგოდეხში დავდიოდი და ფეხით მიწევდა ძირითადად, სიარული, რაც ძალიან ძნელია. იმედი მაქვს გაკეთდება რამე”,- აღნიშნა სოფიკო ჩადუნელმა.

ლაგოდეხის სოფლების მკვიდრთა უმეტესობამ პრიორიტეტულ საკითხებად გზების მოასფალტება, სანიაღვრე არხების კეთილმოწყობა, სპორტული სტადიონების აშენება, გარე განათების მოწესრიგება და ინტერნეტით უზრუნველყოფა დაასახელა.
“სოფელ ბოლოკიანში გვჭირდება სკვერი, ამ სურვილით შევხვდით დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს. დაგვთანხმდნენ და ახლო მომავალში გააკეთებენ. სოფლის მოსახლეობა გავაკეთებთ, ჩვენვე გვჭირდება და ამიტომ”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” მამუკა ხაჩიძე.

მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ერთ-ერთი დიდი მიღწევაა, რომ მოსახლეობა თავად ერთვება იმ საკითხების განხილვაში, რაც მათთვის საჭიროებას და აუცილებლობას წარმოადგენს.
“შეხვედრები ნაყოფიერია იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობა აქტიურად ერთვება მუნიციპალიტეტის მართვის პროცესებში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, რა არის სოფლისთვის პრიორიტეტული”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

რაც შეეხება  იმ პროექტებს, რაც დღემდე სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, ლაგოდეხის მერის განმარტებით, სოფლებში მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, მოეწყო თანამედროვე სტადიონები და დაიგო გზები. მისივე განმარტებით აღნიშნული პროექტები კვლავ გაგრძელდება, რისთვისაც თანხა როგორც რეგიონული განვითარების ფონდიდან, ისე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი.

“სოფელ ლელიანში მოეწყო მინი სტადიონი, 70 000 ლარი იყო სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში გათვალისწინებული და ჩვენი თანადაფინანსებითაც გაკეთდა თანამედროვე სტანდარტების მქონე სტადიონი. სოფელ ნაწისქვილარშიც სანიაღვრე არხი კაპიტალურად გაკეთდა, დღესაც მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ მოხდეს მოხდეს გაგრძელება ამ სანიაღვრე არხის, რისთვისაც 12 000 ლარია გამოყოფილი და მუნიციპალიტეტი შევა თანადაფინანსებაში, დაამატებს თანხას და 24 000 ლარით აღნიშნული პრობელმა მოგვარდება”, – აღნიშნა მდივნიშვილმა.

2020 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 67 სოფლისთვის გამოყოფილა 930 000 ლარი,ხოლო კახეთის რეგიონისთვის მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დაფინანსებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები