არჩილ ჯაფარიძე: მოსახლეობასთან შეხვედრები წინ გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციისა და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
მორიგი კრებები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზემო და ქვემო თლუღში ჩატარდა, რომელსაც მხარის რწმუნებული – არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე -ასლან საგანელიძე და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
არჩილ ჯაფარიძის თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით პროექტების დაგეგმვაში დაეხმარებათ.
“მოსახლეობას გავაცანით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები და თანხის განაწილების პრინციპები. გარდა იმისა, რომ პროგრამის ფარგლებში რეგიონის თითოეული სოფლისათვის არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდება, მოსახლეობის ამ დონის ჩართულობის უზრუნველყოფა წინ გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციისა და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე ადამიანებს საშუალებას აქვთ უშუალოდ გვესაუბრონ, ხოლო ჩვენ, კიდევ უფრო უკეთ ვეცნობით ადგილზე თითოეული მაცხორებლის პრობლემას, რაც საშუალებას გვაძლევს ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ”, – განმარტა მხარის რწმუნებულმა.
ცნობისთვის, 2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, რეგიოის 249 სოფელში 2 586 000 ლარი დაიხარჯება.