ნინო წილოსანი: “ტყის კოდექსის” სახით კომიტეტი უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს იხილავს, რომელზეც მომავალში ტყის მოვლა და მისი სწორად მართვა იქნება დამოკიდებული
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, “საქართველოს ტყის კოდექსის” პროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
ნინო წილოსანის შეფასებით, ტყის კოდექსის სახით კომიტეტი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს იხილავს, რომელზეც მომავალში დიდად იქნება დამოკიდებული ტყის მოვლა და მისი სწორად მართვა, რათა ტყის რესურსის განადგურება მნიშვნელოვნად აღიკვეთოს.
„ამ კანონპროექტით ტყის მართვის რეფორმას ვუდებთ საფუძველს. თითოეული თქვენგანი, რომელთაც აქ ხედავთ – ჩვენი კომიტეტის წევრები, სხვა დეპუტატები, არასამთავრობო სექტორი – აქტიურად იყვნენ ჩართული კანონპროექტის განხილვის პროცესში. სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველა კომენტარი, შენიშვნა ობიექტურობის და შესაძლებლობის ფარგლებში გაგვეთვალისწინებინა. იმედი მაქვს საერთო მხარდაჭერის. უმნიშვნელოვანესი კოდექსია, რომელიც არა მხოლოდ ტყის დაკონსერვებას, რაც ფაქტობრივად აქამდე გვქონდა და არასწორ მართვას, არამედ ტყის მოვლას და სწორ მართვას გეგმავს, როგორც სამეურნეო, ასევე სოციალური პრინციპებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, “ტყის კოდექსი” მოხსენიებულია ევროკომისიის ანგარიშში როგორც ერთ-ერთი პროგრესული რეფორმის ნაწილი, მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე. “ტყის კოდექსის” შემუშავების პროექტი მსოფლიო ბანკის ეგიდით განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მათ ამ პროექტზე ასევე გააკეთეს სოციალური და ეკონომიკური შეფასება, საიდანაც ამ კოდექსის 52-მა მუხლმა ძალიან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, ხოლო დანარჩენმა – პოზიტიური.
ევროკომისიის ბოლო, 2019 წლის ანგარიშს გამოეხმაურა ძირითადი მომხსენებელიც – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი. მისი თქმით, ამ ანგარიშში, ფაქტობრივად ბოლო წლებში პირველად მოხდა მითითება ტყის კოდექსთან დაკავშირებით და აღინიშნა იმის თაობაზე, რომ მისი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დამკვიდრება. „გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამავე ანგარიშში მითითებულია ქვეყნის სერიოზული პროგრესი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაწილში. ცხადია, ასეთი შეფასება მნიშვნელოვანია, თუმცა უახლოეს პერიოდში ჩვენ ბევრი კანონპროექტი და რეგულაცია გვაქვს მისაღები. მითითება ევროკომისიისგან იმის თაობაზე, რომ ტყის კოდექსის მიღება და მისი იმპლემენტაცია უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს, არის ერთ-ერთი ყურადსაღები საკითხი პარლამენტისთვისაც და მთავრობისთვისაც”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შემდეგ მან „საქართველოს ტყის კოდექსის” პროექტი მუხლობრივად წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო ის ცვლილებები, რაც წარმოდგენილმა პროექტმა მეორე მოსმენისათვის განიცადა.
კანონპროექტი, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, შედგება პრეამბულის, 22 თავისა და 98 მუხლისაგან. კოდექსის ძირითადი ნაწილის ამოქმედება 2021 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.
კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ასევე თანმდევი კანონპროექტები.
კომიტეტმა იმსჯელა სარატიფიკაციო დოკუმენტზე „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი – კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)” N1 ცვლილების შეთანხმების” თაობაზე და ერთხმად დაუჭირა მხარი.
წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმით, ენგურის ინსპექტირებამ გამოავლინა დამატებითი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა. შპს „ენგურჰესის” სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველმა საერთაშორისო საინჟინრო ჯგუფმა დააზუსტა სამუშაოების მოცულობები, რის შედეგადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ევროთი გაიზარდა. შესაბამისად, თავდაპირველი სესხის თანხას – 28 მლნ ევრო, ემატება 10 მლნ. ევრო და EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხის თანახმად 38 მლნ. ევრო განისაზღვრა. ფინანსური პირობები თითქმის იდენტურია თავდაპირველი შეთანხმებისა, იმის განსხვავებით, რომ 10 მლნ ევროს სესხის შეღავათიანი პერიოდი შეადგენს 8 წელს, მაშინ, როდესაც 28 მლნ ევროს სესხის შეღავათიანი პერიოდი 3,5 წელია. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღად განსაზღვრულია 2021 წლის 31 დეკემბერი.
კომიტეტმა მესამე – საბოლოო მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გამოიტანა.
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად, მუნიციპალიტეტებზე კანონით მოხდება გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების დელეგირება. ეს ჩაანაცვლებს დღეს არსებულ გართულებულ პრაქტიკას – ხელშეკრულებით დელეგირებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ მათს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და მათთვის ზიანის მიყენებისას, ოპერატიულად მიიღონ გადაწყვეტილებები და განახორციელონ გარეული ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღება.
სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
კომიტეტის სამოქმედო გეგმა მოიცავს როგორც კანონშემოქმედებით, ასევე საზედამხედველო საქმიანობას, გამჭვირვალობისა და კომუნიკაციის მიმართულებით აქტივობას. ნინო წილოსანმა ყურადღება გაამახვილა სამოქმედო გეგმის რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, იმ მნიშვნელოვან კანონპროექტებზე, რომელთა ინიცირება და განხილვა იგეგმება საგაზაფხულო სესიის განმავლობაში. ეს არის – აკვა კულტურის შესახებ კანონპროექტი, რომლის ინიცირება უკვე მოხდა; ტყის კოდექსი; წყლის რესურსების მართვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი; ნარჩენების ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის შესახებ კანონპროექტი; სხვადასხვა დაცული ტერიტორიების, მათ შორის, ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი და სხვა.
ნინო წილოსანის განცხადებით, კომიტეტს საზედამხედველო საქმიანობის კუთხითაც აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა. მისი თქმით, კომიტეტი გეგმავს 2021 წლისთვის მწვანე ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას – ეს გულისხმობს იმას, რომ ანალიზი გაუკეთდება 2020 წლის ბიუჯეტს, თუ რამდენად არის მასში გარემოსდაცვითი მიმართულებები გათვალისწინებული, შედეგად კი შემდეგი მოწვევის პარლამენტს დაახვედრებენ მზა დოკუმენტს, თუ რა აუცილებელი თანხებია გასაწერი და ჩასადები 2021 წლის ბიუჯეტში გარემოსდაცვითი მიმართულებით. კომიტეტი განახორციელებს ასევე რამდენიმე მიმართულებით თემატურ მოკვლევას, მათ შორის, ნორმატიული აქტების პრაქტიკაში აღსრულებასა თუ კანონების ხარვეზებზე, ეკო ტრანსპორტთან, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე გარემოზე ტყვიის მავნე ზემოქმედების თაობაზე და სხვა.