„გრიშაშვილობა – 2025“ გაიმართება
12 ოქტომბერს, 15:30 საათზე, გრიშაშვილის ქუჩის N51-ის მიმდებარედ არსებულ ი.გრიშაშვილის სახელობის სკვერში „გრიშაშვილობა – 2025“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება თეატრალიზებული სანახაობა – გაცოცხლდება ძველი თბილისი. სკვერი გაფორმდება ძველებური სტილის ხალიჩებით, სხვადასხვა ხილითა და ყვავილებით გაკეთებული დეკორით.
ადგილზე განთავსდება რეტრო ფოტო-გალერია სხვადასხვა რეკვიზიტითა და ძველქართული კოსტიუმებით.
კოსტიუმირებული მსახიობები ისეირნებენ სკვერში; პროფესიონალი მსახიობი წაიკითხავს იოსებ გრიშაშვილის ლექსებს. წარმოდგენილი იქნება მოკლე წარმოდგენები; შესრულდება სიმღერები და ცეკვები.
ნანული სარაჯიშვილი, ირაკლი კავსაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ნანული აბესაძე, როლანდ ოქროპირიძე და მაკა შალიკაშვილი სკვერში იოსებ გრიშაშვილის ეპოქას გააცოცხლებენ.
ღონისძიებას ცნობილი თეატრმცოდნე და წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვება.