“აშშ-მა საქართველოს 170 მილიონი დოლარი გამოუყო, რაც პარტნიორობაზე მიანიშნებს, შესაბამისად, არანაირ სანქციებს არ ველოდებით”
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გიგი უგულავასთან დაკავშირებით ტეხასის შტატის კონგრესმენის, რენდი უებერის წერილს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამერიკელი, თუ ევროპელი კოლეგების განცხადებებს ყურადღებით ეცნობიან.
„ამერიკელი, თუ ევროპელი კოლეგების განცხადებებს ყურადღებით ვეცნობით და მხედველობაში ვიღებთ, თუმცა ერთია, პოლიტიკური პროცესი და მეორეა, კანონის უზენაესობის დაცვა. არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსია თუ არა, თუ დანაშაული ჩაიდინა, მან პასუხი უნდა აგოს და ეს სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებაა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი შესთავაზა, თუმცა მათი პოზიცია რადიკალურია.
„რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესზე ეჭვებს, ამ თვალსაზრისით არსებობს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მხარე. ჩვენი მხრიდან დიალოგია შეთავაზებული. ოპოზიციის მხრიდან რადიკალურ პოზიციებს ვხედავთ, რაც მიმართულია პროცესის დესტრუქციისკენ. ადგილი აქვს სხვადასხვა გამოსვლებს, სადაც არის აგრესიული გამოსვლები, გარკვეული მოწოდებებიც, რაც არ ახდენს სიტუაციის დეესკალაციას. ჩვენი ინტერესია, დიალოგის წარმართვა. ერთია, ცალკეული კონგრესმენების მიერ დაყენებული საკითხები, მაგალითად, „ფრონტერაზე“ იცით, რომ საქმე საარბიტრაჟო სასამართლოშია და ჩემი კომენტარი ზედმეტია.
ცხადია, სახელმწიფომ თავისი ინტერესები უნდა დაიცვას. სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, სახელმწიფო ისე მოიქცევა. ცალკეული კონგრესმენებისგან იქნება, თუ ევროპარლამენტარების მხრიდან რაიმე სანქციებზე საუბარი, ეს მათი სუბიექტური პოზიციაა, მეორეა, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა. იცით, რომ ამერიკასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ამერიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მათი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ამერიკამ საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტით 170 მილიონი დოლარი გამოუყო, რაც რეკორდული თანხაა. ეს მიანიშნებს მეტ თანამშრომლობას და პარტნიორობას, შესაბამისად, არანაირ სანქციებს არ ველოდებით“, – განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.