კახა კალაძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე – მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს, თუ როგორი პოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყანაში
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ევროპარლამენტარებთან შეხვედრები ნაყოფიერი იყო და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბევრი კითხვა დაისვა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაკეთდა ახსნა-განმარტებები. მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს, თუ როგორი პოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყანაში. რაც შეეხება არჩევნებს, ხაზი გავუსვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში გამჭვირვალედ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში წარუდგინოს საკუთარი ხედვები მოსახლეობას და ჩაატაროს საარჩევნო კამპანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრებზე გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. პარტიის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ევროპარლამენტარებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას და ამის მყარი მტკიცებულებები არსებობს. ასევე აღინიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოში მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობისთვის, შესაბამისად, ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში.