სერგი კაპანაძე მამუკა მდინარაძეს პასუხობს: რა დიალოგს? რაზე დიალოგს?

“ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის მაგიდასთან იწვევს.

სერგი კაპანაძის თქმით, მმართველმა გუნდმა დიალოგს აზრი დაუკარგა.

“მდინარაძის არაგულწრფელ ბრიფინგზე:
– დიალოგს დაუბრუნდითო. ამასთან:
– გიგის დაჭერა პოლიტიკური არ იყოო!
– ჩვენ სერიოზული 100/50 მაგიდაზე დავდეთო!
– თქვენ სასაცილო 130/20 დადეთო!
– მაგრამ, დიალოგს მაინც ალტერნატივა არ აქვსო.

რა დიალოგს? რაზე დიალოგს? აზრი დაუკარგეთ დიალოგს და ყველამ თქვენ აგკიდათ პასუხისმგებლობა – საზოგადოებამაც, ჩვენც და უცხოელმა პარტნიორებმაც. იხილეთ აშშ-ის საელჩოს განცხადება. ამიტომ, თუ ნორმალიზაცია გინდათ, კარგად იცით რაც უნდა ქნათ. ოღონდ, არ გინდათ ნორმალიზაცია. თქვენს სულთანს არ უნდა. ბიძინამ დაგავალათ ბრიფინგი – ჩაატარეთ. ხვალ დაგავალებთ სხვა რამეს – მაგასაც იზამთ. ამიტომაც, სწორედ ამ სისტემით დამარცხდებით, რომლის ასეთი დიდი იმედი ჰქონდა თქვენს ბატონს. სწორედ 77/73-ით!”, – წერს კაპანაძე.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. “პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს”,- აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები