მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის ელჩთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კაი კაარელსონთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა განათლების კომპლექსური რეფორმისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეგა-პროექტის შესახებ, რომლის დასაარსებლად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში.
შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს 2020-21 სასწავლო წლიდან სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე (მათემატიკა, მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღებს. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ქართველებთან ერთად უცხოელი პროფესორებიც ჩაერთვებიან და ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს განახორციელებენ. მინისტრი ასევე მიესალმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით პროცესში ტარტუსა და ტალინის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორების ჩართულობას. ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ფოტოგამოფენის საორგანიზაციო საკითხებს, რომელიც ესტონური დიასპორის აფხაზეთის რეგიონში ცხოვრების 130 წლისთავს მიეძღვნება და მათი ისტორია იქნება მოთხრობილი. გამოფენა, რომელიც მაისში გაიმართება, ემსახურება არა მხოლოდ ესტონური დიასპორის, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
მხარეებმა განიხილეს როგორც საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების გადამზადების, ასევე, სტუდენტების ახალი გაცვლითი პროგრამები.
ესტონეთის ელჩმა მინისტრი მიხეილ ჩხენკელი 24 თებერვალს ესტონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია, რომელიც პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ჩატარდება.